აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც „ტიფლისნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდა აცნობეს, ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.
„სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. დაგეგმილ ჭადრაკის ოლიმპიადას მსოფლიო მასშტაბის ღონისძება შეიძლება დავარქვათ. 180-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა, 10 000-მდე სტუმარს ველოდებით რეგიონში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ბათუმი ღირსეულად უმასპინძლებს ოლიმპიადას. სპორტული ინფრასტრუქტურა დროულად დასრულდება. თქვენ ახლა ხედავთ სამუშაოების მიმდინარეობას ახალი სპორტული სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს არის პროექტის მესამე ფაზა, რომელიც გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მარტის ბოლომდე ისევ ველოდებით „ფიდეს“ მაღალჩინოსნებს. მოხდება უშუალოდ ამ ლოკაციების ინსპექტირება. ჭადრაკის ჩემპიონატის შემდეგ, აქ მოეწყობა მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი. ასევე ყინულის სასახლე. ეს არის ჩვენი მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ბათუმს ეყოლება ბევრი ტურისტი, მათ შორის სპორტული ტურიზმის მიმართულებით“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.