ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ორი მოზარდი გარდაიცვალა.

 თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოზარდებიდან, ერთი დაშავებული ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია… როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება“ – ტარიელ ხარხელაური

"მე შეიძლება საყვედური საკუთარ თავს ვუთხრა, მაგრამ უფლის ინაშე საყვადური არ მითქვამს. არც იმ ტრაგედიის გამო, რაც მოხდა“.- ამბობს ტარიელ ხარხელაური „სხვა რაკურსში“. „უფალმა ამ ტკივილით გამომცადა, შევძლებდი თუ არა ამ ტკივილის ტარებას. როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება, როგორ ვცხოვრობდი. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით. მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია. მიფრთხილდებოდა. დაკრძალვის შემდეგ შვილის საფლავზე არ ვყოფილვარ. არ შემიძლია ჩემი შვილის საფლავი ვნახო. ჩემი შვილი ჩემ პოეზიაში გადავიტანე და იქ ვესაუბრები“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

კახა კალაძე – მგონი, აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდის ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჰყავს

ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოლო დღეებში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ბანერების შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, მათი ბანერები სიცრუეს შეიცავს, მათ შორის, არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს. მგონი, ფეისბუქის ადმინად ლევან ხაბეიშვილი „ჩაუდეს“. ეს ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზე. ყველა ბანერზე იყო სიცრუე, თუნდაც პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში 2.5% იყო გაყალბებული, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს დაახლოებით 50 000 ხმა არის. ანუ ისინი 50 000-მდე ხმის მოპარვას გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, რევოლუცია და ხელისუფლების ამ გზით შეცვლა მომხდარიყო. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რომ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. თუმცა, რაც არ უნდა კამპანიაში ჩაერთონ და რაც არ უნდა გააკეთონ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ქვეყნის განვითარება. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რაიმე ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიბრძოლეთ, რათა დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და არა – რომელიმე ქვეყნის ვასალი. ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ისე, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ ვიღაცა დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ბოლო ბანერს „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“ და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთისგან წამოსული ორმაგი სტანდარტი შეურაცხყოფს საქართველოსა და ქართველს ხალხს. „ესეც გაუგებარია და ტყუილია. ბოლო 50 წლის განმავლობაში 50-მდე პარტია არის აკრძალული სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, უკრაინასა და მოლდოვაში. მოქმედებს ორმაგი სტანდარტი. ის დამოკიდებულება, ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტი, რაც ბოლო პერიოდში დასავლეთისგან მოდის, ძალიან შეურაცხმყოფელია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. სულელი არავინ არის. ყველაფერს კარგად ვხედავთ. ქართველები განათლებული ერი ვართ და ძალიან კარგად შეგვიძლია ანალიზის გაკეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იუსტიციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უფლებების მაქსიმალური რეალიზაციის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქსანში №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალაშენებული ინფრასტრუქტურა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაწესებულებაში მოეწყო იუსტიციის სახლი, ადვოკატებთან შეხვედრის ოთახები, აშენდა საამანათო, ხანგრძლივი და მოკლევადიანი პაემნების, საშვების და ვიდეოპაემნის სივრცეები. „დაწესებულებაში გახსნილი იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით როგორც პატიმრები, ისე თანამშრომლები შეუზღუდავად ისარგებლებენ. ეს რიგით მე-6 იუსტიციის სახლია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში გაიხსნა. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეეძლებათ, ისარგებლონ სრულიად ახალი და კომფორტული ინფრასტრუქტურით, რომელიც ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებისთვის მოეწყო. სივრცეები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. მსჯავრდებულებს პაემნის სივრცეებით უფასოდ სარგებლობის საშუალებას 2024 წელს ამოქმედებული პენიტენციური კოდექსი აძლევს. №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვა საამანათო სივრცეც, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის შესაძლებლობას. საშვების სივრცეში დამონტაჟდა ახალი სკანერი, რომლითაც დაწესებულებაში შემსვლელ პირთა შემოწმება ხორციელდება. ასევე, მოეწყო ცალკე ოთახი დაწესებულებაში მისული ვიზიტორების ფიზიკური შემოწმებისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ახალი ინფრასტრუქტურის გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძემ სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა. მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე - ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები. თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა. მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა. კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, ქართველი მეცნიერ-ინჟინრები მომავლის ციკლური კოლაიდერის ფიზიკური პროგრამის განხორციელებაში ჩაერთვებიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება, - ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი, უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ემანუელ თესმელისმა მოაწერეს ხელი. ურთიერთგაგების მემორანდუმი #1 CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებას და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობის გაგრძელებას ეხება, მემორანდუმი #2 კი, CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. დავით გურგენიძის განცხადებით, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმების ხელმოწერის საფუძველზე, CERN-ის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტებისთვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავება საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება და CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის - FCC-ის რეალიზების სამუშაოებში მონაწილეობა. მეორე დოკუმენტს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის მემორანდუმი“, რომელიც რეგიონში პირველად, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფორმდება. დოკუმენტი ითვალისწინებს მომავლის, 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის, FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა; FCC-თვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ამაჩქარებლის და უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ყველა ამ სამუშაოში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, ამ ინსტიტუტის დირექტორის, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით. ისინი ამ ეტაპზე FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის - TDR-ის შექმნაზე მუშაობენ. მეორე მემორანდუმის თანახმად, CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი მათგანის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის - HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები შეიტანენ. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის. სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. დღეს, სწორედ ამ მიზნით, ჩვენს უნივერსიტეტში იმყოფებიან ფიზიკოსები, მსოფლიოში სიცოცხლის შემეცნების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლაბორაციიდან - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან. ამასთან ერთად, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. ამ დიდებულ სამეცნიერო ფორუმში მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერები მონაწილეობენ და ახალგაზრდებს ფილოსოფიაში წამყვან იდეებს უზიარებენ. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, მთელი კაცობრიობის არსი და შემეცნება ფიზიკა და ფილოსოფიაა. ამიტომ, გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მეცნიერების ზეიმია. მადლობას ვუხდით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჯეროვნად დაფასებისთვის, გამოცხადებული ნდობისა და მეგობრობისთვის, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით ქმედითი მხარდაჭერისთვის. და ბოლოს, ყველა მსგავსი დოკუმენტის ამოქმედება ახალგაზრდა თაობის მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. CERN-თან ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, CERN-ის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის უფროსი მრჩეველი, პროფესორი ქრისტოფ შაფერი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ბოლო სიახლეები