არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი ფაქტი სამეგრელოში – დაკავებულია 66 წლის მამაკაცი, რომელიც, თვეების განმავლობაში, 9 წლის შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბაბუა არასრულწლოვან ოჯახის წევრზე სექსუალურ ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მაშინ ახორციელებდა, როდესაც გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. მძიმე დანაშაული კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა შეუმჩნეველი, რომ არა თავად ბავშვის აღიარება დედასთან.
9 წლის გოგონამ მშობელს თავად უამბო ყველაფერი. ბავშვის დედამ, ფაქტის გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და, პედოფილი ბაბუის მორიგი ძალადობის მცდელობისას, პოლიციას გამოუძახა. 9 წლის გოგონას ახლა ექსპერტიზა უტარდება, მასთან მუშაობენ ფსიქოლოგებიც.
შვილიშვილზე მოძალადე ბაბუა დაკავებულია, მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლითაა აღძრული – ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება და მუქარა.