კვირა, დეკემბერი 7, 2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დასახელდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დასახელდა.

სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელეს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარვუდგინე. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მივიღე. სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ახლო წარსულში, შსს-ს სხვა ხელძღვანელ პირებთან ერთად, ღირსების ორდენით დავაჯილდოე. აღსანიშნავია, რომ სულხან თამაზაშვილი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი, შესაბამისად, კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო. ბატონ სულხანს წარმატებას ვუსურვებ, მას და მის გუნდს ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სრული თანადგომა და მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, როგორ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სულხან თამაზაშვილს აქვს ყველა თვისება, უნარ-ჩვევები, რათა სათანადოდ წარმართოს საქმიანობა.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს. შვიდი წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს. ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დღეს წარმოგიდგენთ ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს განხორციელებული საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები, რათა სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ჩვენ წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს სწორედ სულხან თამაზაშვილი. მინდა, წარმატებები ვუსურვო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, ექნება შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილება ხალხს მოახმაროს.

„მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრემიერო, ბატონო პრეზიდენტო, მადლობა ნდობისთვის. ეს არის პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ სწორედ ამ კუთხის შვილი ვარ. დავიბადე, გავიზარდე აჭარაში. ჩემს მეხსიერებაში თუ რამე კარგი მახსენდება, სწორედ ამ წლებს უკავშირდება. მექნება შესაძლებლობა, საჯარო სამსახურის მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხსა და ჩემს რესპუბლიკას“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები