საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს აქტი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობასა და რეგიონში აშშ-ის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. კონფერენციაზე პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლულ არჩილ ტატუნაშვილზეც ილაპარაკა.
“საქართველო, როგორც რეგიონში დასავლეთის ალიანსების და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის საყრდენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, ქმნის ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს; ჩვენ გავხსენით “საზღვრები” რეგიონალური ეკონომიკისა და ჩაკეტილი ქვეყნებისთვის; ჩვენ დასავლური სტანდარტების მიხედვით ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტები. ყოველივე ამის გამო, საქართველოს წარმატებას დაკვირვებით ადევნებენ თვალს და შესაბამისად, ის ხშირად დგას გამოწვევების წინაშე. როდესაც მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ისტორიული მომენტები, ის ჭეშმარიტი მომენტები, რომლებიც დიდმა ლიდერებმა შექმნეს; თამამი ნაბიჯები, რომლებმაც მოუტანეს სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მსოფლიო ერებს. კაცობრიობის უახლოეს ისტორიაში, არ არსებობდა შემთხვევა, რომ ვინმეს ამ ეტაპისთვის ამერიკული ხელმძღვანელობის გარეშე მიეღწია,”- განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, დღეს მოსკოვიდან კიდევ უფრო შემაშფოთებელ საომარ რიტორიკას ვისმენთ. კონფერენცია „ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის“ საკითხებს მიეძღვნა. ის ატლანტიკური საბჭოსა და “ენდიაის“ ორგანიზებით გაიმართა.