პარასკევი, მაისი 2, 2025

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო აცხადებს.

„30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას. პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართულია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოხარული ვარ განვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო ფონდს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, მშვიდობის პროცესი დაფუძნებული იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე უკრაინის მთავრობა მოუთმენლად ელოდება ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას, როგორც უკრაინის, ისე ამერიკელი ხალხისთვის.

თავის მხრივ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესანტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“,- წერს სვირიდენკო.

მისი თქმით, შეთანხმების მთავარი პუნქტებია – „1. სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს. წიაღისეული რჩება უკრაინის საკუთრებაში.  2. აშშ-სა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით. 3. ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. 4. არავითარი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.

შეთანხმების განხორციელება საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გაზარდოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით“.

ამასთან, სვირიდენკოს თქმით, შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს.

„ასევე ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“,- აღნიშნა სვირიდენკომ.

შეთანხმება უნდა რატიფიცირდეს უმაღლესი რადას მიერ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერი IAEA-ის სათავო ოფისში, საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში, მოხსენებებით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა გიორგი ნაბახტიანმა ვენაში (ავსტრია), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სათავო ოფისში, გაერთიანებული კონვენციის გამოყენებულ ბირთვულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ მე-8 განსახილველ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს დელეგაციას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე ხელმძღვანელობდა.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათავო ოფისში უნივერსიტეტის მეცნიერი გაწეული სამუშაოს შესახებ საქართველოს ანგარიშით (ანალიზი) წარდგა, რომელიც მისივე ავტორობით იქნა დამუშავებული. გიორგი ნაბახტიანის ვრცელი მოხსენება მოიცავდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბირთვულ საწვავთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს გამოცდილებას და ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების სრულ ანალიზს. სტუ-ის მეცნიერმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, კანადის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შეკითხვებს, ასევე, მონაწილეობა მიიღო სხვა ქვეყნების ანაგარიშების შეფასებაში.როგორც პროფესორი გიორგი ნაბახტიანი აღნიშნავს, IAEA-ის სათავო ოფისში ასევე შედგა რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვის სისტემების (SRIS/SWIFT) განვითარება-დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელზეც ის კონსულტანტის რანგში წარსდგა და SRIS/SWIFT სისტემების განვითარების თაობაზე რიგი წინადადებები წარმოადგინა. მეცნიერის თქმით, ის მოხსენებით გამოვიდა და ჯგუფის მუშაობას უძღვებოდა IAEA-ის შტაბ-ბინაში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზეც, რომელიც რადიოაქტიური წყაროების მიწისპირა სამარხში დაფლობის საკითხებს ეხებოდა.„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარისთვის, დიდი პატივი იყო საქართველოს დელეგაციის წევრის რანგში, ვენაში, IAEA-ის შტაბ-ბინაში, მერვე განსახილველ შეხვედრაში მონაწილეობა. ეს იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოგვედგინა ჩვენი ქვეყნის მიღწევები დახარჯული ბირთვული საწვავისა და რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიმართულებით. საქართველოს გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ექსპერტებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებთან დიალოგი აძლიერებს გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას და ხაზგასმით ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტების მიმართ საქართველოს ერთგულებას", - აცხადებს სტუ-ის მეცნიერი.

თამარ ჩიბურდანიძე: სანამ ევროპაში მძლავრობს ჩრდილოვანი მმართველობა, საქართველოში ყოველთვის იქნება არეულობის მცდელობა ამ ოპოზიციის ხელში

 პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს-ის 2024 წლის ანგარიშს მედიასთან ეხმიანება. "სუს-მა ანგარიშში გამოიტანა ის, რასაც თავად ამბობდნენ , ოღონდ ფაქტობრივი, დოკუმენტური დასაბუთება გააკეთა"- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ უწყების 2024 წლის ანგარიშში გამოტანილია ის ფაქტები, რასაც თავად აცხადებდნენ ოპოზიციური ლიდერები. ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა იზოლირებულია და ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის მრჩევლის განცხადებებიც, სადაც მან განაცხადა, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებისთვის თანხებს ვეღარ გაიღებდა. „სუს-ის ანგარიშში ეჭვს ვერ შეიტანს ვერავინ იმიტომ, რომ თვითონ ოპოზიციური ლიდერები ამას ღიად აცხადებდნენ- უნდა გადავკეტოთ გზები, მოვაწყოთ ამბოხიო. იარაღზეც საუბრობდნენ - შიშველი ხელებით რევოლუციას ვერ მოვაწყობთო. აქედან გამომდინარე, სუს-მა ანგარიშში გამოიტანა ის, რასაც თავად ამბობდნენ , ოღონდ ფაქტობრივი, დოკუმენტური დასაბუთება გააკეთა. რა თქმა უნდა, მათი მიზანი არის ქვეყანაში არეულობა. სანამ ევროპას, ჯერ კიდევ, ხელმძღვანელობს და ევროპაში მძლავრობს ჩრდილოვანი მმართველობა, საქართველოში ყოველთვის იქნება არეულობის მცდელობა ამ ოპოზიციის ხელში, რადგან ეს ოპოზიცია არის მათი დაკვეთების შემსრულებელი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ევროპაში აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია.დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დღეს გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება. მან თქვა, რომ ამერიკას 33 მლრდ დოლარი ვალი აქვს და ამ პირობებში, აშშ ფულს ვეღარ გაიღებს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროპამ თავად უნდა მიხედოს თავის უსაფრთხოებას, თვითონ უნდა გააკეთოს დონაცია. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ უნდა გაემიჯნოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიც არის პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და ა.შ. რატომ გააკეთა ასეთი განცხადება ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში? რასაც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროპას აქვს საფრთხე, რომ დაიშალოს, გაიყოს რამდენიმე ნაწილად და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპად დანაწილდეს,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

უგანდის შეიარაღებული ძალების უფროსი მუჰოოზი კაინერუგაბა აცხადებს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტი სარდაფში ჰყავს, ის დაკავებულს ფიზიკური დაზიანებების მიყენებით ემუქრება

უგანდის შეიარაღებული ძალების უფროსი მუჰოოზი კაინერუგაბა აცხადებს, რომ ოპოზიციონერი აქტივისტი ედი მუტვე სარდაფში ჰყავს.ედი მუტვე, რომელიც ასევე ოპოზიციის ლიდერის, „ეროვნული ერთიანობის პლატფორმის“ წევრის, ბობი უაინის მთავარი მცველია, 27 აპრილს გაუჩინარდა. ის დედაქალაქ კამპალაში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტების სერიაში თავდაცვის ძალების უფროსმა, ედი მუტვეს ფოტო გამოაქვეყნა.„ის ჩემს სარდაფშია… შენ შემდეგი ხარ“, – დაწერა მან ედი უაინის განცხადების პასუხად. ამასთან, ის დაკავებულს ფიზიკური დაზიანებების მიყენებით ემუქრება.51 წლის კაინერუგაბა სოციალ ქსელებში გაკეთებული სკანდალური განცხადებებით ცნობილი. 2022 წელს ის მეზობელ კენიაში ინტერვენციით დაიმუქრა. იანვარში კი ოპოზიციონერ ედი უაინს თავის მოკვეთით დაემუქრა.ყოფილი მუსიკოსი, უაინი პოპულარული პოლიტიკოსია. 2021 წლის არჩევნებში ის მეორე ადგილზე გავიდა.80 წლის იოვერი მუსევენი უგანდას 1986 წლიდან მართავს და სავარაუდოდ მომავალ წელს ხელახლა კენჭისყრას გეგმავს. ოპონენტები და უფლებადამცველები მის მთავრობას ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ დარღვევებში სდებენ ბრალს, მათ შორის გატაცებებსა და უკანონო დაკავებებში.გასული წლის ნოემბერში უგანდაში დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კიზა ბესიგე, რომელიც მუსევენის მეტოქე იყო ოთხ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის სახელმწიფო ღალატის.

„იმედი მაქვს, 28 ივნისს ყველას კიდევ ერთხელ გაგახარებთ” – ილია თოფურია

28 წლის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, ესპანური ტელეკომპანია „ტელემადრიდის“ ეთერით, მიმართვას ავრცელებს.„იმედი მაქვს, 28 ივნისს ყველას კიდევ ერთხელ გაგახარებთ", – აცხადებს UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი.28 ივნისს, ლას-ვეგასში, UFC 317-ია დაგეგმილი. ჯერ უცნობია, ვინ იქნება თოფურიას მეტოქე.

ევროკომისიის წარმომადგენელი მარკუს ლამმერტი – სერბეთმა უნდა დაადასტუროს, რომ იზიარებს ჩვენს პრინციპებს, რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება

სერბეთმა ევროკავშირი საკუთარ სტრატეგიულ კურსში დაარწმუნოს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამმერტს 9 მაისს მოსკოვში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ლამმერტის თქმით, რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება„ევროკავშირი ყოველთვის ნათლად გამოხატავდა პოზიციას, რომელიც უნდა გაიზიაროს ყველა წევრმა და კანდიდატმა ქვეყანამ. რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ლამმერტმა.ლამმერტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის სერბეთისგან საერთო პრინციპებისა და ღირებულებების გაზიარებას, კერძოდ პუტინთან ურთიერთობა ვერ გაგრძელდება, როგორც ადრე.„სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკავშირს სურს, სერბეთზე, როგორც სანდო პარტნიორზე დაყრდნობა საერთო პრინციპების, ღირებულებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებში. ევროკავშირმა აბსოლუტურად ნათლად განუმარტა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის სერბეთს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ვერ დარჩება ისეთი, როგორც ჩვეულებრივ, პუტინის რეჟიმის პირობებში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.ცნობისთვის, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ, ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ევროკავშირში უფრო აქტუალური თემაა მისი მოსკოვში ვიზიტის გეგემები, ვიდრე ომი უკრაინაში და ევროპაში ელექტრომომარაგების შეფერხებები.მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მოსკოვში ზეიმში მონაწილეობა მიუღებელია, როცა რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს ვუჩიჩი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

ბოლო სიახლეები