აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში.
ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„გასულ ღამეს აშშ-ის ძალებმა ირანში, ხარგის კუნძულზე მასშტაბური, ზუსტი დარტყმა განახორციელეს. დარტყმის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი, ბუნკერები და სხვა მრავალი სამხედრო ობიექტი. აშშ-ის ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეზე ხარგის კუნძულზე, ნავთობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პარალელურად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. დონალდ ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას.

