რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. პოლიციამ ისინი ავტომობილებით შესაბამის განყოფილებებში გადაიყვანა.
საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მოწოდებისა, აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები რჩებიან პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან. ისინი პოლიციელების მისამართით პიროტექნიკას ისვრიან, ასევე სხვადასხვა საგნით ცდილობენ ხელოვნური ბარიკადების აღმართვას. მათ შორის, იყენებენ ნაგვის ურნებსაც, რომ პოლიციას გზა ჩაუხერგონ და გადაადგილების საშუალება არ მისცენ.
საპოლიციო დანაყოფები რჩებიან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე. პოლიცია აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, უკან დაიხიონ და არ მიმართონ ძალადობრივ ქმედებებს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.