საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ბელფასტში გამართულ ყოველწლიურ შეკრებაზე გადაწყვიტა, ფეხბურთში მეკარეებისთვის ახალი წესი აამოქმედოს, რომლის მიხედვითაც, მათ ბურთის ხელში გაჩერება მხოლოდ 8 წამის განმავლობაში შეეძლებათ.
თუ მეკარე ბურთით ხელში 8 წამზე დიდხანს გაჩერდება, მატჩის მთავარი არბიტრი მეტოქე გუნდს კუთხურის ჩაწოდების უფლებას მისცემს.
IFAB-ის ცნობით, აღნიშნული წესი ოფიციალურად 2025/2026 წლის საფეხბურთო სეზონიდან შევა ძალაში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს რეგულაცია რამდენჯერმე შეამოწმეს და მნიშვნელოვნად იკლო მეკარეთა მხრიდან დროის გაყვანის მცდელობამ.
ამჟამად არსებული რეგლამენტის მიხედვით, მეკარეს ბურთის ხელში დაჭერა 6 წამის განმავლობაში შეუძლია, გადაცდენის შემთხვევაში კი თავისუფალი დარტყმა ინიშნება მეტოქის სასარგებლოდ. ძირითადად, მსაჯები ამ წესის სრულფასოვნად აღსრულებისგან თავს იკავებენ.