ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025

არასრულწლოვანს, სალონში შესულ კლიენტებთან, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ.ხ. არასრულწლოვანით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარტა კოსი – ევროკავშირმა ისწავლა შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა ბრიტანეთთან და საქართველოსთან, საქართველოს შემთხვევაში ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია

ევროკავშირს პასუხისმგებლობა აკისრია, დაეხმაროს კანდიდატ ქვეყნებს, რომ ისინი ევროპულ გზაზე დარჩნენ, – ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა.მისი განმარტებით, ევროკავშირმა ისწავლა გაკვეთილი შეცდომებიდან, რომლებიც დაუშვა დიდ ბრიტანეთთან და საქართველოსთან ურთიერთობაში და ახლა მზად არის, იყოს „უფრო დაჟინებული და მტკიცე“, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში ინვესტირებით, რათა შეებრძოლოს ყალბ ნარატივებს.მარტა კოსმა აღნიშნა, რომ 2025 წელი გარდამტეხია იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უდგება ევროკომისია გაფართოების პოლიტიკას.„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ჩავდეთ რესურსი, მათ შორის ადამიანური და ფინანსური, უცხოეთიდან მავნე ჩარევის შესაკავებლად. ეს მოიცავდა ევროკავშირის სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის პირველად გამოყენებასა“, – თქვა კოსმა.მისი თქმით, შედეგად სარგებელი მიიღო მოლდოვამ, რომლის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპარლამენტო არჩევნების წინ გააფრთხილა საზოგადოება, რომ რუსეთი ხარჯავდა „ასობით მილიონ ევროს“, რათა პროევროპული ძალები დამარცხებულიყვნენ. მისივე თქმით, ევროკავშირის სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფი გააგზავნეს ამ ჩარევის საწინააღმდეგოდ, და სანდუს პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.„ჩვენ ვიყავით უკეთესები“, – განაცხადა ევროკომისარმა.კოსის თქმით, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროკავშირი საბოლოოდ სწავლობს თავის შეცდომებზე„როცა დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება, ევროკავშირის დამოკიდებულება ასეთი იყო, ეს მათი შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავერევით. ჩვენ ესეც კი არ ვთქვით: „გთხოვთ, დარჩით ჩვენთან“. ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსეთის ჩარევა დიდია, მაგრამ დახმარება არ გაგვიწევია“, – თქვა ევროკომისარმა.გარდა ამისა, კოსის განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ დეზინფორმაციის საკითხში ევროკავშირი საბოლოოდ იწყებს რეალური წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მიმართ.„ჩვენ კარგად შევისწავლეთ მათი რუსული ნარატივები, შემოვაბრუნეთ ისინი და ახლა ევროპის მხარდასაჭერად ვიყენებთ. ჩემი აზრით, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო დაჟინებულები და მტკიცეები, რომ დავიცვათ ჩვენი შეთავაზება და უფრო ახლოს მივიდეთ იმ შიდა დინამიკასთან, რაც კანდიდატ ქვეყნებში არსებობს. იცით, როცა ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს, ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მას დავეხმაროთ“, – განაცხადა კოსმა.ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების კომისარი მომავალ კვირას წარადგენს ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს კანდიდატ ქვეყნების მიერ გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ამ კონტექსტში კოსი აღნიშნავს, რომ „2025 წელი რეალურად კარგი წელი იყო გაფართოებისთვის“ და მიღწეულია  „მეტი პროგრესი, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში“, თუმცა მისივე თქმით „მომავალი გზა რთული იქნება“.„მომავალ წელს, 2026-ში, უფრო მაღალი ფსონები იქნება და იქნება ერთი მთავარი კითხვა, შევძლებთ თუ არა ჩვენ, როგორც ევროკავშირი, შედეგის მიღწევას?“, – განაცხადა კოსმა.

შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.„გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა.ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ, შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, მათ შორის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გამომთვლელი ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდსა და შესაბამის ბმულებზე, ასევე გაეცნონ ვიდეოინსტრუქციას, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელს.  ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით – “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოში გერმანიის მთავრობამ დახარჯა რეკორდული თანხა „ენჯეოებზე“, რასაც უმალავს ქართველ ხალხს და გერმანიის პარლამენტს, ეს განსაცვიფრებელად დაბალი სტანდარტია

გერმანიის მთავრობამ საქართველოში შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული „ენჯეოებზე“ და ამას უმალავს ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს. განსაცვიფრებელია ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გერმანიიდან საქართველოში ფინანსდებოდა „ენჯეოების“ ნაწილი, რომელთაც ქვეყანაში რევოლუციის, დამხობის მოწყობა სურდათ.„გასაკვირია ის პასუხი, რაც ვნახეთ გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანიის პარლამენტის მიმართ. ჩვენთან ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს, წარმომიდგენია, რა ამბავში იქნებოდნენ ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და ზოგიერთი უცხოელი ელჩი. იტყოდნენ, რომ ეს არის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო კითხვაზე ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს. იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ, როცა საუბრობენ გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, მხოლოდ სხვებს გვგულისხმობენ, საკუთარ თავს ამ ვალდებულებას, როგორც ჩანს, არ აკისრებენ. აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია, რის საფუძველზეც უმალავს  მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას. მიზეზად მოყვანილია, თითქოს საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის დევნა და მათ უფრთხილდებიან. აბსოლუტური აბსურდია და ეს არის მხოლოდ საბაბი, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ გამოჩნდა ბიუჯეტებში, რომელიც არის მოცემული. საარჩევნო წელს, 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ „ენჯეოებზე“ და რა გააკეთეს ქართველმა „ენჯეოებმა“ შარშან არჩევნებისას, ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩართულობა, საარჩევნო თაღლითობა და არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მცდელობა, პარლამენტზე შტურმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მანიპულაციაა ის განცხადება, თითქოს ნდობაზეა დაფუძნებული ურთიერთობა და ამიტომ არ უმხელს გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელს გარკვეულ საკითხებს.„სწორედ ამაში, ამგვარ „ენჯეოებზე“ შარშან გერმანიის მთავრობამ რეკორდული რაოდენობის თანხა დახარჯა. ასევე, საუბარი იყო, თითქოს არ უმხელენ საკუთარ მაკონტროლებლებს, რადგან მითითება აქვთ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე, რაც არის მანიპულაცია. გერმანიის საერთაშორისო დახმარების პოლიტიკაში მართლაც არსებობს ტერმინი „ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა“, თუმცა ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, გერმანიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის არსებობას. გერმანიის მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო, რომ ეს არის სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული აქტივობები, რომელიც თანხმდება უშუალოდ პარტნიორთან. ახლა ვიგებთ, რომ გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ დეპუტატებსაც კი უმალავს ამ ინფორმაციას და არამხოლოდ ქართველ ხალხს. ეს არის დასტური, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის კანონი, რადგან ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას, მათ შორის ერთ-ერთ მაგალითი არის ზუსტად ეს. როცა საქართველოში გერმანიის მთავრობამ შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული „ენჯეოებზე“ და უმალავს ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს. განსაცვიფრებელია ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა ადასტურებს საქართველოში არასამთვრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, თუმცა ამ ორგანიზაციებს არ ასახელებს. არასამთავრობოთა დაფინანსებისა და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, ელჩ პეტერ ფიშერის მონაწილეობის შესახებ გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

გერმანიის მთავრობა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მოცულობას ასაჯაროებს, თუმცა კონკრეტულ ორგანიზაციებს არ ასახელებს

გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პასუხები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებზე, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, აგრეთვე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მონაწილეობას შეეხებოდა.ოფიციალურ ინფორმაციაში გერმანიის მთავრობა ასაჯაროებს თანხებს, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო.ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.„ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორი ორგანიზაციების საჯაროდ დასახელება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მზარდი რეპრესიული კლიმატის ფონზე რისკს უქმნის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას და ორგანიზაციებში მომუშავე პირებს. დაფინანსება ემყარება ნდობას, რომელიც მოიცავს სენსიტიური მონაცემების კონფიდენციალურად დამუშავებას. ნდობა თანამშრომლობის ფუნდამენტური წინაპირობაა და წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი პროექტების განხორციელება დაზარალდებოდა“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.ამასთან, ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლებელია საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებში მომუშავე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხის გამო“.გერმანიის მთავრობის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზანია ერთობლივად შეთანხმებული პროექტის მიზნების მიღწევა.კერძოდ, „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერით პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერება და ამით პლურალიზმის, დემოკრატიისა და სოციალური ერთიანობის გაძლიერება საქართველოში“.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის საელჩო საქართველოში ჩართულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების​ (GIZ) პროექტების კოორდინაციაში – იღებს მონაწილეობას პროექტების დავალებისა და ანგარიშების მომზადებაში.ამასთან, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2020-დან 2025 წლის პერიოდში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მეშვეობით საქართველოში არანაირი მედია არ დაფინანსებულა.საქართველოში არასამთავრობოთა დაფინანსებისა და ამ პროცესში გერმანიის საელჩოს, ელჩ პეტერ ფიშერის მონაწილეობის შესახებ გერმანიის მთავრობას კითხვებით მიმართა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც გერმანიის საგაერო უწყებაში განაცხადეს, უნდა განისაზღვროს, როგორ გაგრძელდება მუშაობა.

ირაკლი კობახიძე – კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ადამიანის უფლებები, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, ამის ხელყოფა მოხდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ

მთლიანად უნდა გავყვეთ სარჩელის არსს და აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პარტიებს უკავშირდება ის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელთა საფუძველზეც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკური ძალების აკრძალვას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლება მიჰყვება კონსტიტუციურ ჩანაწერებს, რომლის თანახმადაც, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა.„აქ გვაქვს შემდეგი არგუმენტები – პირველ რიგში, ვიხსენებთ იმას, თუ რა ხდებოდა 2004-2012 წლებში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და „ნაცმოძრაობა“ , „ახალი“ – ეს მოგეხსენებათ, ერთი და იგივე შემადგენლობაა, ერთი პარტია არის მეორის გაგრძელება, ეს ისტორიულად ასეა. რაც შეეხება ამ პერიოდს, ეს პერიოდი დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეისა და ადამიანის უფლებების ტოტალურ, სისტემურ და სისტემატურ ხელყოფასთან. ამის უამრავი ფაქტია ჩამოთვლილი სარჩელში, ეს სარჩელი ეფუძნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას, საქმიანობას და არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელსაც ფარავს ამ სარჩელის შინაარსი. ეს არის იგივე ადამიანების წამების, მკვლელობის, ადამიანებზე ძალადობის სისტემის ჩამოყალიბება, რაც იმ რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი 2004-2012 წლებში, ციხეებში და არამარტო, ციხეებში, ციხეებს გარეთ – ტოტალურად ხდებოდა ადამიანების ღირსების ხელყოფა, წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობა, 150-ზე მეტი ახალგაზრდა კაცი მოკლეს პირდაპირ ქუჩებში, ეს მათი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო. ანუ ამ მიმართულებით, აბსოლუტურად სისტემურად, სისტემატურად, ტოტალურად ხდებოდა ადამიანის უფლებების ხელყოფა. მეორე – ეს იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა სხვადასხვა ფორმით, მარტო ის ცნობილი კასრები და იქ აღმოჩენილი შესაბამისი ჩანაწერები რად ღირს ხომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ამაზეც ვრცლად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე სარჩელში. საკუთრების უფლების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეკეტი. აქაც უამრავი ფაქტია და ამის შესახებ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და ეს არის მედიის თავისუფლების ხელყოფა. მათი საქმიანობა შეეხო რამდენიმე ათეულ მედიასაშუალებას უმძიმესი ფორმით და ამაზეც დეტალურად არის საუბარი, როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ისე სარჩელში,“- განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებები, ისევე როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რასაც ეფუძნება კონსტიტუციური წყობილება და ამის ხელყოფა მოხდა სისტემური, სისტემატური სახით, სწორედ, „ნაცმოძრაობის“ მიერ, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში.„ამით, რეალურად, მათ პრაქტიკულად შეასრულეს ის პუნქტი კონსტიტუციის ჩანაწერიდან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მათი მხრიდან პირდაპირ მოხდა იმ ძირითადი ფუნდამენტის ხელყოფა კონსტიტუციური წყობილებისა, რაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. აქედან გამომდინარე, აქ არის ძალიან მყარი საფუძველი, რომ ვისაუბროთ ჩვენ, როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახალის“ აკრძალვაზე, არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით,  რაც შეეხება „ლელოს“, აღნიშნული პარტიის ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულები კონკრეტულ ქმედებებში, რაც, ძირითადად, საკუთრების უფლების ხელყოფასა და ბიზნესის რეკეტს უკავშირდება.„რაც შეეხება „ლელოს“, ამ შემთხვევაში, „ლელოს“ ლიდერები პირდაპირ იყვნენ ჩართულები კონკრეტულ ქმედებებში, არა ყველა ქმედებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ტიპის ქმედებებში, რომლებიც, ძირითადად, საკუთრების უფლების ხელყოფას, ბიზნესის რეკეტს უკავშირდება. კონკრეტულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რაც მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. მარტო ეს არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, საკმარისი კონკრეტულად ამ პარტიის, „ლელოს“ ასაკრძალად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც არის მოხსენიებული სარჩელში და ამყარებს შემდგომ უკვე გაგრძელებას, რაც არის დაკავშირებული „ლელოსთან“,- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები