გერმანია ისტორიულად მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება ბუნდესტაგის დეპუტატებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა გერმანიაში, შეხვდა კანცლერს და ბატონმა შოლცმა ბრიფინგზე გამოგვიცხადა ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს არის დიდი მოტივაციის მომცემი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი და დელეგაციის წევვების შეხვედრებს გამართავენ ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რენატა ალტთან.
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან.
შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.