ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მსჯავრდებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს.
ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს. ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.
ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის.
თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა – სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია“, – წერს ანდრო ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, მსახიობების ნაწილმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვა. მსახიობთა პროტესტი ვასო აბაშიძის თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას მოჰყვა. თეატრზე ანდრო ჭიჭინაძის ბანერი იყო განთავსებული წარწერით: „თავისუფლება სისტემის პატიმრებს“.
არსებული ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი „რუსთავი 2-ის“ გადაღებების გამო ჩამოხსნეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, სანდრო ჭიჭინაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

