ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026

ანა კაკაბაძე: ჩვენი კოლეგები ვერც მალავდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მიზნებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ სიტყვით გამოსვლა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.

„ჩვენი კოლეგები ვერც მალავდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მიზნებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. ბოდიშს  გიხდით, რომ ქვეყანა განვითარდა, ბოდიშს გიხდით, რომ ქვეყანა დეკემბერში უკვე ოფიციალურად მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის  სტატუსს“, – განაცხადა ანა კაკაბაძემ.

დღესვე საკრებულოს წევრმა თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზეც ისაუბრა და ოპონენტების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

„მინდა ვუპასუხო ცრუ ბრალდებებს, რომლებიც ოპოზიციური კოლეგების მხრიდან გაჟღერდა, თითქოს ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის საჭიროებებს არ ითვალისწინებს. უფრო გასაგები და თვალსაჩინო რომ იყოს, თუ რატომ არის ბრალდებები ცრუ, ჩამოვთვლი ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამებს, რომელთა დასაფინანსებელი თანხის ზრდა შემდეგი წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული: გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი; სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება; აუტისტური სპექტრის  დარღვევის მქონე ბავშვთა  აბილიტაცია; ასევე ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება;  ფსიქიკური  ჯანმრთელობის სათემო მომსახურება; აგრეთვე უნდა ითქვას ისიც, რომ უფრო მეტი ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას  ტრანსპლანტაციის პროგრამებით. როდესაც მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად დაფინანსებაც იზრდება,  ეს ასე გაგრძელდება“,  –  განაცხადა საკრებულოს წევრმა ანა კაკაბაძემ.

ანა კაკაბაძემ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის დამტკიცებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – არ გვინდა, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს

ჩვენ არ გვინდა, რომ ნატო აშშ-ირანის ომის გამო გაიყოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.მისი თქმით, ალიანსი ევროპული უსაფრთხოების მთავარი გარანტორია და საჭიროა ერთიანობის შენარჩუნება.„ჩვენ არ გვინდა, მე არ მინდა, რომ ნატო გაიყოს. ნატო არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, მათ შორის და პირველ რიგში, ევროპაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შევინარჩუნოთ ცივი გონება“, – განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანია ალიანსის გაძლიერება.„ამ ეტაპზე ამ ალიანსს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც ჩემი განსაკუთრებული ინტერესია მისი შენარჩუნება და განვითარება ამერიკის პრეზიდენტთან ერთად“, – განაცხადა მერცმა.მისივე თქმით, გერმანიას მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური წარმატების მიღწევაში, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება როგორც რეგიონულ სტაბილურობას, ისე გლობალურ და ეროვნულ ეკონომიკას.„გერმანიას ფუნდამენტური ინტერესი აქვს დიპლომატიური წარმატების მიღწევაში. ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ რეგიონული სტაბილურობა, არამედ გლობალური ეკონომიკის განვითარება და ჩვენი საკუთარი ეკონომიკის მდგომარეობაც. ამიტომ გერმანიის მთავრობა გააგრძელებს დიპლომატიური პროცესის მხარდაჭერას ყველანაირი გზით. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მშვიდობის სტაბილიზაციას, თუ ის მიღწეული იქნება“, – განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ დონალდ ტრამპს ესაუბრა და მოლაპარაკებების აქტიურად გაგრძელებისკენ მოუწოდა.„გუშინ კიდევ ერთხელ ვისაუბრე პრეზიდენტ ტრამპთან. მე მოვუწოდე მას, სერიოზული განზრახვით გააგრძელოს მოლაპარაკებები და ჩაერთოს მათში. ამავე დროს, დავარწმუნე, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გერმანია დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფას, თუ ამისთვის შესაბამისი მანდატი და მდგრადი გეგმა იარსებებს“, – აღნიშნა მერცმა.მისივე თქმით, გერმანია ასევე აღადგენს პირდაპირ კონტაქტს ირანთან.„როგორც იცით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელსაც სერიოზული მიზეზები ჰქონდა, გერმანიის მთავრობა ახლა კვლავ აახლებს დიალოგს თეირანთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით. ჩვენი მიზანია, ამ გზით შევიტანოთ საკუთარი წვლილი მომავალი მოლაპარაკებების წარმატებაში“, – განაცხადა მერცმა.ამასთან, მერცმა ისაუბრა ტრამპის მკაცრ რიტორიკაზე ირანის მიმართ და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს სტრატეგიული ხასიათის იყო.„მე ეს ასევე მივიჩნიე, როგორც მისი სტრატეგიის რიტორიკული ელემენტი ირანის მიმართ. არ ვფიქრობ, რომ თავადაც ვარაუდობდა, რომ ირანის მსგავსი ქვეყანა, შეიძლებოდა, სრულად განადგურებულიყო. დარწმუნებული ვარ, საქმე აქამდე არ მივიდოდა. ეს იყო მისი სტრატეგიის ნაწილი ირანთან ურთიერთობაში, რამაც საბოლოოდ მაინც გამოიწვია საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეჩერება“, – განაცხადა მერცმა.

კრემლი ზავის ამოქმედების შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.სააღდგომო ზავი 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.„ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს დაევალათ ამ პერიოდში ყველა მიმართულებით საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჯარები მზად უნდა იყვნენ მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისა და ნებისმიერი აგრესიული მოქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციის მაგალითს მიჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!“ – მსახიობი ლევან ხურცია მიმართვას ავრცელებს

რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც სპექტაკლში „ვეფხისტყაოსანი“ ავთანდილის როლს ასრულებს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს:„სამი დღეა ვცდილობ არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც… მსახიობის, რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეა, დედაა და ბოლო–ბოლო ადამიანია.კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი! და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში, ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა, მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე, და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი, ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ გაგახარებთ, ამასაც გეტყვით, ოღონდ, მხოლოდ ჩემზე! ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!“, – წერს ლევან ხურცია სოციალურ ქსელში.რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა გაიმართა.სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული. დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის.სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება. საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე 17 და 18 აპრილს გაიმართება.

მელანია ტრამპი – მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ჯეფრი ეპშტეინთან, მოვუწოდებ კონგრესს, უზრუნველყოს ეპშტეინის მიერ დაზარალებული ქალების საჯარო მოსმენა

აშშ-ის პირველი ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში საგანგებო განცხადება გააკეთა და კატეგორიულად უარყო კავშირი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებულ ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან.მისი თქმით, არაფერი იცოდა გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულების შესახებ. მელანია ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ტყუილები, რომლებიც მას „სამარცხვინო ჯეფრი ეპშტეინთან აკავშირებენ“.„მე არასოდეს ვყოფილვარ ეპშტეინის მეგობარი. დონალდიც და მეც ზოგჯერ ერთსა და იმავე წვეულებებზე ვიყავით მიწვეულნი, რადგან ნიუ-იორკსა და პალმ-ბიჩში სოციალური წრეების გადაკვეთა ჩვეულებრივი მოვლენაა. გასაგებად ვამბობ: მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან ან მის თანამზრახველთან, მაქსველთან“, – განაცხადა პირველმა ლედიმ.მელანია ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, უზრუნველყოს პლატფორმა, სადაც ეპშტეინის მიერ დაზარალებულ ქალებს ექნებათ შესაძლებლობა, მისცენ ჩვენება კაპიტოლიუმში.„მე მოვუწოდებ კონგრესს, უზრუნველყოს ეპშტეინის მიერ დაზარალებული ქალებისთვის საჯარო მოსმენა, რომელიც სპეციალურად მსხვერპლებზე იქნება ორიენტირებული; მიეცეს ამ მსხვერპლებს შესაძლებლობა, მისცენ ჩვენება ფიცის ქვეშ კონგრესის წინაშე,“ – განაცხადა მელანია ტრამპმა.„თითოეულ ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ თავად სურს, საჯაროდ მოჰყვეს თავისი ისტორია, ხოლო მათი ჩვენებები უნდა შევიდეს კონგრესის ოფიციალურ ჩანაწერებში“, – აღნიშნა პირველმა ლედიმ.

მეუფე შიო მუჯირი – ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ყველაფერი, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისა და ფერისცვალებისთვის

გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენიებთ საიდუმლო სერობას, უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას. დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც ღვთის მადლით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისთვის, ფერისცვალებისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ ქადაგებისას ისაუბრა, რას ნიშნავს ევქარისტია.„ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას. მადლიერების მსხვერპლი დააწესა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვექცეოდეთ ერთმანეთს. რატომ ჰქვია ამ ლოცვით შეკრებას სერობა, თანაც საიდუმლო, ვინაიდან უფალმა ეს მსახურება აღასრულა, როდესაც შეკრიბა თავისი მოწაფეები ებრაელთა პასექის სერობის შესასრულებლად. ყველაფერი აღასრულა ისე, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში სრულდებოდა, მაგრამ ერთი მთავარი განსხვავებით, მან განტეხა პური, აიღო სასმისი და თქვა, ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა. აიღო სასმისი და თქვა, ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმის, ამას ჰყოფდეთ ჩემს მოსახსენებლად. ევქარისტიის შესახებ იგი სხვაგან ასევე ამბობს, რომ ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე – მასში. აი, საიდან იღებს დასაბამს ევქარისტიის საიდუმლო. იმ ლოცვებს, რომლებსაც დღესაც ვკითხულობთ ლიტურგიაზე, ევქარისტიული ლოცვები ეწოდება, რადგან, ვიმეორებ, ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას, ევქარისტიული – სამადლობელ ლოცვებს, მადლობის, მადლიერების ლოცვებს.ევქარისტია მოდის უფლისგან, პირველი საუკუნიდან, მაგრამ ის თანდათან ყალიბდებოდა და საბოლოო სახე მიიღო მეოთხე საუკუნეში. ჩვენ ზუსტად იმავე სახით აღვასრულებთ წმინდა ლიტურგიას და ლიტურგიული მსახურების ცენტრში არის ღვთისადმი მადლიერება, უფალ იესო ქრისტეს გახსენება, როგორც მან გვიანდერძა. ებრაელები თუ იხსენებდნენ ეგვიპტედან გამოსვლას, მონობიდან განთავისუფლებას, ჩვენ საიდუმლო სერობაზე, ანუ ევქარისტიის საიდუმლოში ვიხსენებთ უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებას, მის ვნებებს, ჯვარცმას, სიკვდილს და აღდგომას. იმ ყველაფერს, რაც მან გვიანდერძა, რაც მოიტანა ღმერთმა დედამიწაზე ჩვენს საცხონებლად. ამ მსახურების ცენტრში არის მადლიერება, ასევე ლოცვები, რომლებსაც ევქარისტიული ეწოდება. ასევე ამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი არის პურისა და ღვინის ზეამაღლება, სულიწმინდისადმი ლოცვა გარდამოვლენის შესახებ და ლოცვა იმაზე, რომ პური და ღვინო გარდაიქმნას ქრისტეს სისხლად და ხორცად. მაშასადამე, ევქარისტიის დროს სრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში, რომ ქრისტე არს ჩვენ შორის, როგორც ამბობს ის სახარებაში, რომ ორი ან სამი თუ შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის.ევქარისტიის საიდუმლოს ასევე ეწოდება წმინდა ზიარების საიდუმლოება, რადგან ამ დროს სრულდება ყველაზე მჭიდრო კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის, უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. იმ ადამიანს შორის, რომელიც სათანადოდ ცხოვრობს და მართებული, სულიერი განწყობით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამ დროს ჩვენ ვუერთდებით უფალ იესო ქრისტეს და წილმქონენი ვხდებით მისი სხეულის, მისი ღვთაების, თანამესხეულენი ვხდებით უფალი იესო ქრისტესი. არა მხოლოდ მისი თანამესხეულენი ვხდებით, არამედ ერთიმეორეს ვეზიარებით, რამეთუ ერთი პურიდან ვიღებთ ზიარებას. აი, რატომ ჰქვია, მეორე მხრივ, ზიარება. როგორი საოცარი რამ ხდება, აი, რატომ ეწოდება ამას საიდუმლოება.ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლობა და დიდება უფალს ამ წყალობის, სიყვარულისთვის. ვეცადოთ, უფრო ხშირად, აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რათა მივიღოთ ის ყველაფერი, რაც ღვთის მადლით, ძალით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონების, ფერისცვალებისთვის. მივიღოთ ეს ყველაფერი, ეს წყალობა და მადლი საიმისოდ, რომ, მთესველის შესახებ სახარებისეულ იგავში როგორც წერია, ჩვენი გული არ იყოს ქვიანი ნიადაგი, ეკლიანი ან გზის პირას მდებარე, არამედ კეთილი ნიადაგი, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენს გულში კეთილი ნაყოფი გამოიღოს ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენ გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები