შაბათი, ივლისი 5, 2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია გამოვლინდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.

„სატენდერო კომისიამ არჩევანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოზე შეაჩერა. ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში. ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა,  დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები. ამდენად, მისი მშენებლობისა და განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს მხოლოდ მაღალი რეპუტაციის კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან. ამის ნათელი მაგალითია ბელგიური კომპანია „იან დე ნული“, რომელიც სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია – დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. მეტიც, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც  გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო- ანა ნაცვლიშვილი

"26 ოქტომბრის რუსული სპეც.ოპერაციის შემდეგ, პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიმაჩნია, რომ არ შეიქმნა მსჯელობის და საერთო გადაწყვეტილებების სტრატეგიულად და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად  მიღების ფორმატი. ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ფორმატი შექმნილიყო, სადაც ხალხის მიერ 26 ოქტომბერს არჩეული ის პირები ვიქნებოდით წარმოდგენილნი, ვისი ლეგიტიმაციაც არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვის და ერთიანი ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს.თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა. ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა- ყველა მიმართულებით. მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი ორი ლიდერი საპატიმროშია, მათ უძვირფასესი - თავისუფლება დათმეს ამ ბრძოლაში. რთულია იმის გამოც, რომ ლელოში მყავს უძვირფასესი მეგობრები. მაგრამ ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და დღეს მხოლოდ დუმილი არ იქნება ჩემგან მართალი საქციელი.კატეგორიულად არ ვიზიარებ ბრალდებებს იმაზე, რომ ვინმე გაიყიდა და ა.შ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჯგუფს გულწრფელად სჯერა ასე, ჩემგან განსხვავებულად. ძალიან მინდა გთხოვოთ, ჩემს კედელზე მათ მიმართ მსგავსი ბრალდებები არ განავითაროთ.სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან გავაგრძელებ იმ იდეისთვის მოქმედებას, რომლის გამოც შეიქმნა და შევუერთდი ლელოს, მეტიც- რომლის გამოც 20 წელია ვიბრძვი - დამოუკიდებელი, ევროპული, ძლიერი, სამართლიანი საქართველო.თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე ამ ისტორიულ გზაგასაყარზე!" - წერს ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუკში"

ნინო ლომჯარია ოპოზიციას მიმართავს – დასხედით დახურულ კარს მიღმა და არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე

დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად, არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე, თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით ყველა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის გარეშე არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არა – უპასუხისმგებლობაა.„გახარიას და „ლელოს“ თუ ამდენი საერთო ჰქონდათ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ხუთი და ოთხი ნომერი თუ ასეთი ერთიანია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაში, რატომ გაიყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ცხადი ხომ იყო, რომ მასშტაბური გაყალბება იქნებოდა, ევროინტეგრაციას გააჩერებდნენ, სამოქალაქო სექტორს დახურავდნენ და პოლიტიკოსებს ციხეში გაუშვებდნენ? რატომ არ მოუსმინეს ამომრჩევლის დაკვეთას? რატომ არ დადგნენ საკუთარ ეგოზე მაღლა? ახლაც, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების სისტემური წამების, ციხეში გამომწყვდევის, სამსახურებიდან გამოყრის, ფინანსური რეპრესიების შემდეგაც რომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე, ამას რა ქვია? ვინ ხართ თქვენ?ახლა, რაც შეეხება „პრაგმატულობას“. თვითმმართველობის არჩევნებზე არ იქნება არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. თვითმმართველობის არჩევნებზე გამსვლელი პარტიების მიერ დოკუმენტირებულ დარღვევებზე და სასამართლოებში წაღებულ დავებზე მე არაფერი მსმენია. არც მათი პარტიების წევრების ნაბრძოლ და დაცულ ხმებზე მსმენია რამე საარჩევნო უბნებზე. არჩევნებზე გასვლა მარტო სიის შედგენა და ფბ რეკლამა არ არის. კი, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, კი, პოლიტიკოსები უკანონოდ სხედან ციხეში, მაგრამ ასე მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის, კომისიის წევრებ და დამკვირვებელ მოუმზადებელი არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არ არის, უპასუხისმგებლობაა, რეპრესირებულ მოქალაქეებზე ემოციური ძალადობაა, საკუთარი ქვეყნის და აქამდე არსებული საპროტესტო სტრატეგიის საბოტაჟია, ლანგარზე მირთმეული საჩუქარია „ოცნებისთვის“.ამიტომ, სანამ დროა, დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად და არა ტელევიზორებში, არ გამოხვიდეთ, სანამ არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე და მერე გამოაცხადეთ ერთიანი გადაწყვეტილება. თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა. ხალხის დაკვეთაა ეს და ემსახურეთ ხალხს“, – წერს ნინო ლომჯარია.

დეა მეტრეველი – მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია, – ამის შესახებ დეა მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ არის მიზანშეწონილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.„ჩემთვის, როგორც პარტია „ლელოს“ დამფუძნებლისთვის, მისი პოლიტსაბჭოს წევრისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო და არის პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ვყოფილიყავით დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი. ეს წლები ჩვენი გუნდი სწორედ ამ გზის და ამ ღირებულებების ერთგულია, რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა.სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს – საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ბრძოლა გამარჯვებამდე“, – წერს დეა მეტრეველი.

ბოლო სიახლეები