დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჩუტყვავილის გართულებული ფორმის შედეგად გარდაცვილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა. დაავადების შესახებ მან “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში ილაპარაკა. მისი თქმით, ჩუტყვავილა 95-98%-ის შემთხვევაში მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს. ამასთან გამყრელიძე ამბობს, რომ ბავშვებში ეს დაავადება უფრო ადვილად მოსახდელია, ვიდრე მოზრდილებში.
გამყრელიძის თქმით, წლის განმავლობაში საქართველოში ჩუტყვავილის 7000-დან 9000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება თავად დაავადების წინააღმდეგ აცრას, გამყრელიძე ამბობს, რომ ჩუტყვავილაზე აცრა იმ 12 სავალდებულო აცრას შორის არ არის, ისევე როგორც ქვეყნების უმრავლეს შემთხვევაში.
“ჩუტყვავილას აცრის ეროვნულ კალენდარში შეტანის გადაწყვეტილებას თავად ქვეყანა იღებს იმის მიხედვით, თუ როგორია ამ ავადობის ტვირთი სოციუმზე. როგორც წესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უმეტესად არ იძლევა სავალდებულო ვაქცინაციათა ნუსხაში ჩუტყვავილის შეტანის რეკომენდაციას”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძე განმარტავს, რომ აცრის შემთხვევაში მაღალი ალბათობით (90%-ზე მეტი ალბათობით) ვაქცინა ადამიანს დაინფიცირებისგან იცავს თუმცა 1-2% იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ აცირლსაც შეეყაროს ვირუსი.
ამირან გამყრელიძის თქმით, მის ხელთარსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებს ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ.
“რამდენიმე წლის წინ და შარშანაც ჰქონდა გარკვეული რაოდენობით (ჩუტყვავილის ვაქცინა) კერძო სექტორს, მაგრამ რადგან მასზე დიდი მოთხოვნა ქვეყანაში არ იყო, კერძო სექტორს ეს ვაქცინა არ აქვს”, – თქვა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძე დასძენს რომ ჩუტყვავილაზე ვაქციანცია სავალდებულო არის აშშ-ში და ისიც რამდენიმე შტატში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი წითურას ვირუსთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყანში ამ დროისთვის 312 შემთხვევაა დაფიქსირებული.
თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სისხლმდენი ჩუტყვავილა გახდა.
ასევე, წითელას ეპიდემიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის 1 თებერვლის ბრძანებით, აუცილებელია ყველა ბავშვს ჰქონდეს სავალდებულო ვაქცინაციაჩატერებული.