ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ალექსანდრე დარახველიძე: შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი

პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა დღეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უფლებამოსილი დანაყოფის წარმომადგენლები და დაიწყო შესაბამისი მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები.

ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა.

ასევე, გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს.

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.

გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და ეს მიზანი არის აბსოლუტურად...

ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება, ეს არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში შეიქმნა 195 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ეს გამოიწვია სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ.„ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს სამომავლო წლებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ამ კუთხით ასახული იყო ამბიციური მიზანი. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, ოთხი წლის განმავლობაში შევქმნათ დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს, რომ უმუშევრობა 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და ეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი, ამ შემთხვევაში ეს მიზანი არის აბსოლუტურად მიღწევადი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დღეს, 23:00 საათზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია თავის საკონკურსო სიმღერას, Freedom-ს შეასრულებს.საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, ლიეტუვა, სომხეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრალია, ლატვია, ჩეხეთი, ისრაელი, მალტა, ფინეთი, დანია, ლუქსემბურგი და სერბეთი.  დღეს სცენაზე ასევე იმღერებენ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც.მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი წარდგება. არამონაწილე ქვეყნებიდან ხმის მიცემას ESC.VOTE-ზე შეძლებთ. კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემის პროცესში ჟიური არ მონაწილეობს.ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, ამ შედეგისთვის პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული.„ვემზადებით, 4.5 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. პირველ რიგში, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატები. სამზადისი უკვე დაწყებულია, ძალიან მალე გამოიკვეთება სიები ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და ეს კონკრეტული შედეგი არის ერთადერთი – 64 მერი, 64 საკრებულო. ეს არის ჩვენი უპირობო  ამოცანა. დარწმუნებული ვარ, მათ შორის, საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ გვაქვს ასევე პარტიული რეიტინგები, რომელიც არის გაზრდილი, წარმოიდგინეთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებითაც კი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სერგეი ლავროვი – ზელენსკი თავიდან მოითხოვდა, პუტინი პირადად ჩასულიყო, საცოდავი ადამიანია, ყველასთვის გასაგებია

ზელენსკი თავიდან მოითხოვდა, პუტინი პირადად ჩასულიყო, საცოდავი ადამიანია, ყველასთვის გასაგებია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შემდეგ ზელენსკის მისმა უფროსმა ამხანაგებმა აუხსნეს, რომ არ შეიძლება ასე სულელურად მოქცევა და საჭიროა მოლაპარაკებები.ლავროვმა სტამბოლში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას ინტრიგული უწოდა.„რა თქმა უნდა, ყველა უკრაინაზე საუბრობს ინტრიგასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა სტამბოლში, სიტყვასიტყვით ამ საათებსა და წუთებში ვითარდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, არავინ იძლევა გარანტიას, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეუფერხებლად წარიმართება.

როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო, ეს “არაკორუმპირებული” ახალაია, კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. ადამიანებს სიებით იჭერდნენ, ეს იყო კონვეიერი – მამა და შვილები...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებული დავით ქანთარია უფლებების უხეში შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს."როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო. თავისმა თანამშრომლებმა გამოაგდეს. კარები აუჭედეს და რის გამო?!- გამოძიებასა და მის სამსახურს შორის წილების გაყოფაზე. ეს "არაკორუმპირებული" ახალაია, რომელიც შემდეგ ჩვენ გვიწერს კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით და ციხეში გვიშვებს მთელს სამეგრელოს. 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. ადამიანებს იჭერდნენ სიებით. ეს იყო კონვეიერი - მამა და შვილები, ერთი ოჯახი," - განაცხადა დავით ქანთარიამ.

ბოლო სიახლეები