შაბათი, აგვისტო 2, 2025

ალეკო ელისაშვილი – მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო, არსად დავზოგავ თავს, თუ იქნება სხვა, უფრო მაგარი, მებრძოლი კანდიდატი, მხარში დავუდგები, სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს

მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო, არსად თავს არ დავზოგავ. თუ იქნება სხვა უფრო მაგარი, მებრძოლი კანდიდატი, მხარში დავუდგები, სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი იქნებოდა.

„მარტივი ბრძოლა არ გველის. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. კი, ჩვენ საარჩევნო ბრძოლაში შევდივართ. რაც შემეხება მე, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მზად ვარ, მერობის კანდიდატი ვიყო. არსად თავს არ დავზოგავ. კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება მისი კანდიდატურის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიციას, რომ შეთანხმება ნეიტრალურ კანდიდატზე უნდა მოხდეს, ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ მოსაზრებას მხარს უჭერს.

„არანაირი პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიცია არ მაქვს. მერობის კანდიდატი ვინც არ უნდა იყოს, მასთან საათობით ვიჯდები და კვალიფიციურ ადამიანებთან ერთად დავუსაბუთებ, რომ ერთ წელიწადშია შესაძლებელი, თბილისში საცობები საერთოდ არ იყოს. ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ასევე განიხილება სხვა კანდიდატებიც. სხვა, უფრო მაგარი, უფრო მებრძოლი კანდიდატი თუ იქნება, ერთმნიშვნელოვნად დავუდგები მხარში. მხარში დგომის სანაცვლოდ არანაირი პოზიცია არ მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ხელწერაა, თუმცა ეს მცდელობები როგორც წარსულში იყო წარუმატებელი, მომავალშიც ასე იქნება

სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებს რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა არის პირდაპირი დავალება, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება.„ეს ყველაფერი არის გარე დავალებები, თუმცა არსებობს სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის რეიტინგი აჭარბებს 50%-ს. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან მყარად ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად აჭარბებს 60%-იან მაჩვენებელს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციურ კამპანიებს არ აქვს შედეგი.ეს არის უცხოური აგენტურა. უცხოურ აგენტურას აქვს ერთადერთი მისია, სცადონ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, ცესკო-ს დაკნინება. როგორც წარსულში იყო ეს მცდელობები წარუმატებელი, ასევე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

გურამ მაჭარაშვილი – მნიშვნელობა არ აქვს ალეკო ელისაშვილი დასახელდება თუ სხვა პიროვნება, კახა კალაძეს თბილისში კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი

რაც უფრო მეტი გაშარჟებული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კომიკური ფიგურა იქნება წარმოდგენილი მერობის კანდიდატად, ქართული საზოგადოებისთვის უკეთესია, დაინახავენ, რამდენად არასერიოზულად ეკიდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ არჩევნებს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ალეკო ელისაშვილი დასახელდება კანდიდატად თუ სხვა პიროვნება, თბილისში კახა კალაძეს კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი.„თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში კახა კალაძეს რეალური კონკურენტი ვერ ეყოლება, ბუნებაში არ არსებობს ასეთი კანდიდატი. რაც უფრო მეტი გაშარჟებული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კომიკური ფიგურა იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება ქართული საზოგადოებისთვის, დაინახავენ, რამდენად არასერიოზულად ეკიდებიან რადიკალურ ოპოზიციაში ამ არჩევნებს. კონკრეტულ გვარებს და სახელებს არ ვიტყვი, ამას ქართული საზოგადოება შეაფასებს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ელისაშვილი იქნება თუ ნებისმიერი გვარის სხვა პიროვნება. მნიშვნელობა იმას ექნება, რაც უფრო მეტად გაშარჟებული და გაშიფრული აგენტი იქნება წარმოდგენილი, მით უფრო უკეთ დაინახავს ქართული საზოგადოება, რატომ უნდა მისცეს ხმა იმ კანდიდატებს, ვისაც ასახელებს „ქართული ოცნება““, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა მათი პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა

შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას.„შემაშფოთებელია შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს.იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა უკრაინელ LGBTQI ვეტერანებთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა: „უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება, რომ ეს ვალდებულება შესრულდეს“.

ვლადიმერ პუტინი – უკრაინის მცდელობები, აღიდგინოს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი, სწორია

უკრაინის მცდელობები, აღიდგინოს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი, სწორია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის გაუქმების მცდელობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ თავი შეირცხვინეს.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტების ეფექტურობა უკრაინაში მათი არსებობის 10 წლის განმავლობაში ნულის ტოლი იყო.„მათ სცადეს იქ რაღაცის შეცვლა, როგორმე სუვერენიტეტის ნაწილი მაინც დაებრუნებინათ. თუ ზემოდან არ მოსწონდათ, უსტვენდნენ, აწკაპუნებდნენ და მაშინვე ყველაფერს უკან აბრუნებდნენ. უკეთესი იქნებოდა, არაფერი გაეკეთებინათ, უბრალოდ, ერთ ადგილას დამსხდარიყვნენ და ყველაფერი მოწესრიგებული იქნებოდა. უბრალოდ, თავი შეირცხვინეს – და სულ ესაა. როდის შეიქმნა ეს ინსტიტუტები  უკრაინაში? 2015 წელს. და დღეს რომელი წელია? 2025 წელი. შეხედეთ, ისინი, 10 წელია, არსებობენ და მთელ მსოფლიოში ყველა მთელი გულით ყვირის: „დამეხმარეთ, კორუფცია უკრაინაში ყველას მოიცავს“. დიახ, ეს მართალია, მაგრამ გარედან შემოყვანილი ინსტიტუტების ეფექტურობა ნულის ტოლია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მაია მწარიაშვილი – მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა მთელი დღე, წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება, პროცესი გადაიდო, რათა შეძლოს აზროვნება და საბოლოო სიტყვაში...

მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა მთელი დღე. წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება. პროცესი გადაიდო, რათა შეძლოს აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმისი თქმა, რაც არასდროს მოუსმინეს, – ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, მზია ამაღლობელს ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ამაზე უარს აცხადებს.„დღევანდელ პროცესს ვინც უსმინა, საკუთარი თვალით ნახა და თავისი ყურით გაიგო, რა სამარცხვინო დღეშია ბრალდება. პროცესი დაასრულა ბრალდებამ, პრინციპში, თქვა, რომ აბსურდებს ითხოვს. თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთ. ან მიიღებთ სასჯელს ოთხიდან შვიდ წლამდე, ან აღიარეთ, დაიბრალეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ – აი, ეს არის საპროცესო. აქ ახალი არაფერია, პირველი დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი თანამდებობის პირი, რომ აღიარეთ, მოინანიეთ, შემდეგ ვილაპარაკოთ. მზია ამაღლობელი ამბობს, რომ არ ვითხოვ გულმოწყალებას, რაიმეს პატიებას, ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მაბრალებთ, არ არის თავდასხმა პოლიციელზე. სასამართლოს მარტივი არჩევანი აქვს, უნდა თქვას, რომ ეს არის გადაცდომა ან დანაშაული. მოსამართლეს ვუთხარი, რომ მზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი, არც დანაშაულებრივი. დღევანდელ პროცესზე ვისხედით დაწყდომამდე. მზია ამაღლობელი ერთი წამით არ დამჯდარა და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე. ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არაფერს ითხოვს, არავის არაფერს ეხვეწება, ეს არის მისი შინაგანი პროტესტი და ასე უხმოდ გამოხატავს. ფეხზე იდგა მთელი დღე, მშიერ-მწყურვალი, დილით ადრე წამოყვანილი. წარმოუდგენელი იქნებოდა, ამ დროს შესთავაზო საბოლოო სიტყვის თქმა, რომელიც ალბათ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება. ვფიქრობ, ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული ზეწოლა მზიაზე არ წაადგებოდათ. მხოლოდ ამ მოსაზრებით გადაიდო პროცესი, რომ მზიამ ადამიანურად შეძლოს მოსვლა, აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმისი თქმა, რაც მას არასდროს მოუსმინეს“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა ცხრა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დღევანდელი პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები