ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო საპროტესტო აქციების წაქეზებაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მას დამნაშავედ მიიჩნევს მსხვერპლისთვის, ზიანისა და ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის.
„ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ მივიჩნევთ, როგორც მსხვერპლისა და მიყენებული ზარალისთვის, ასევე ირანელი ერის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის. ეს ამბოხი ამერიკული იყო, ეს ცხადი იყო. ამერიკელებმა დაგეგმეს და იმოქმედეს. ამერიკელების მიზანი ირანის გადაყლაპვაა და ამას ნათლად და ცალსახად, ისლამურ რესპუბლიკაში ორმოც წელზე მეტხნიანი გამოცდილებით ვაცხადებ“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.
ამასთან, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ასეთი ამბოხი ირანს წარსულშიც არაერთხელ ახსოვს, თუმცა ამჟამინდელი ამბოხი დანარჩენებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი პირდაპირ იყო ჩართული, ამ ამბოხის ნაწილი იყო.
„წარსულში, როდესაც ქვეყანაში მსგავსი ამბოხი ხდებოდა და ჩვენ ის არაერთხელ გვქონია, მასში ხშირად ამერიკული პრესა, ასევე ამერიკული ან ევროპული ქვეყნებიდან მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსები ერეოდნენ. ამ ამბოხის თავისებურება კი ის იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავად ერეოდა, გამოდიოდა, აკეთებდა განცხადებებს, იმუქრებოდა, აქეზებდა ამბოხებულებს. მათ ეუბნებოდა – „ჩვენ მხარს დაგიჭერთ, ჩვენ სამხედრო მხარდაჭერას გაგიწევთ“. ანუ, აშშ-ის პრეზიდენტი თავად ჩაერთო ამბოხებაში და იყო ამ ამბოხის ნაწილი“, – აღნიშნა ხამენეიმ.
მისივე განცხადებით, ირანი ქვეყნის ომისკენ წაყვანას არ აპირებს, თუმცა არც დამნაშავეების დაუსჯელად დატოვებას გეგმავს. როგორც ირანის უზენაესი ლიდერი აღნიშნავს, ირანელმა ერმა შიდა და საერთაშორისო დამნაშავეები, ამბოხის ყველა მხარდამჭერი ისევე უნდა დაამარცხოს, როგორც ამბოხი დაამარცხა.

