ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გადავადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადავადებასთან ერთად, არც საურავების დარიცხვა მოხდება.
„მინდა, ფინანსთა სამინისტროს დავავალო, იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და უკვე ფაქტია, არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენიმეჯერ უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა და ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით განბაჟებასთან დაკავშირებით, ერთხელ უკვე გადავავადეთ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და თუ არ ვცდები, ეს არის საგადასახადო გადავადების დაახლოებით 30 მილიონამდე შეღავათი. ეს აუცილებელია, რათა ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ ყოველდღიური, აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.