ოთხშაბათი, ივნისი 3, 2026

ადვოკატი ჯაშუშობის ბრალთან დაკავშირებით გიორგი უძილაურის პოზიციას ავრცელებს

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა “ინტერპრესნიუსს” მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია გააცნო.

გულედანი უძილაურს გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა, ბრალდებულის მიერ ბრალთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიცია წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბა, რასაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“გიორგი უძილაური, იაზრებს, რა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, აღიარებს, რომ:

იკავებდა რა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას, იმავდროულად ინარჩუნებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ დირექტორის თანამდებობას, 2025 წლამდე კი რედაქტორობდა ინტერნეტ გამოცემა ”european.ge“-ს, რომელშიც პერიოდულად აქვეყნებდა მის ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ თემებზე, ისევე როგორც მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში 1994 წლიდან.

აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე, ერთხელ მოძრაობდა, ხოლო მეორედ იდგა სასტუმრო “თბილისი მარიოტსა” და გალერეას შორის. აქციის დარბევისას არაერთხელ იცვლიდა ლოკაციას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პროევროპულ სტუდენტებს გაზით არბევდა, სახე არ დაუმალავს. შესაბამისად, შსს-ს ჰქონდა მისი იდენტიფიკაციის საშუალება.

იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისთანავე გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში.

უფრო მეტიც, დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს („Deep State“, “ომის პარტია“, “მასონები“, “ევროგეების საფრთხე“…), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ, რადგან ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების მასიური გადინება საქართველოდან.

გიორგი უძილაურის თქმით, ეს პოლიტიკა არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მიზანი ან ამოცანა.

2011 წლის ოქტომბრიდან იგი შეურთდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებულ 20 კაციან გუნდს (დღეს იმ გუნდიდან ივანიშვილის გარემოცვაში დარჩენილია მხოლოდ გია ვოლსკი), რათა თავისი წვლილი შეეტანა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში.

გიორგი უძილაური სააკაშვილის რეჟიმს მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს ანტიდემოკრატიულ და სისხლიან მმართველობად, რომელმაც გააბეჩავა და დააჩოქა საქართველო, ე.წ. „ვარდების რევოლუციას“ მიიჩნევდა და მიიჩნევს სახელმწიფო გადატრიალებად, რის გამოც დღემდე ორმხრივი აუტანლობა აკავშირებს მასსა და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს.

20 კაციანი გუნდი 2011 წლის ოქტომბრიდან, 2012 წლის ივნისამდე გაფართოვდა და გამყარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოერთებული, გულანთებული, უშიშარი და თავგადადებული ახალგაზრდობით – იმ ბირთვმა, რომელმაც მაგალითი მისცა დანარჩენ, ორჭოფობაში მყოფ მოსახლეობას და 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვება მოუტანა „ქართულ ოცნებას“.

გიორგის თქმით, ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის „ქართული ოცნება“ მკვდარია.

მაღალი იდეალები ჩანაცვლდა მედროვეთა ინტერესებით და სხვის მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილით. ხელისუფლებაში მოსულია ხალხი, ვისაც არც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმთან და არც შემდეგ, 2011-2012 წლებში. მათთვის უცხოა იდეალებიც და გუნდურობაც. ძველი “ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთისთვის თავს სწირავდნენ, დღევანდელი “ოცნების“ ხელმძღვანელობა კი ერთმანეთს სწირავს, წარბშეუხრელად. მათ არ იციან, რომ 2011-2012 წლების ბრძოლაში და მოპოვებულ გამარჯვებაში მონაწილეობდა ის დასავლეთი, რომელსაც მათ მტრის სტატუსი მიანიჭეს.

ასევე გიორგის თქმით, 2011-2012 წლების ივანიშვილის მოძრაობაში აქტიურად იყო ამერიკელების და ევროპელების რამდენიმე ჯგუფი. ისინი არა მარტო კონსულტაციებს უწევდნენ ივანიშვილის გუნდს, არამედ უზრუნველყოფდნენ ახლადშექმნილი მოძრაობის აქტიურ კომუნიკაციას ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, აძლევდნენ რჩევებს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის და უზრუნველყოფდნენ ივანიშვილის უსაფრთხოებას.

როგორც ივანიშვილმა, ასევე “ოცნების“ ბირთვმა, ასევე ამერიკელმა და ევროპელმა სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ საფუძველი ეყრებოდა დემოკრატიულ და პროდასავლურ საქართველოს. არავის გასჩენია ეჭვი, რომ დასავლელი სპეციალისტები წარმოადგენდნენ „Deep State“-ს ან შემოგზავნილ აგენტურას – მტერი ომის მოგებასა და გამარჯვებაში არ გეხმარება.

გიორგი აღიარებს, რომ მასაც ჰქონდა კომუნიკაცია და აქტიური კავშირი ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან, ზოგიერთ მათგანთან მეგობრობდა და დღემდე მეგობრობს.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან 2022 წლამდე “ოცნება“ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა პროევროპულ, დემოკრატიულ კურსს, გიორგი ამჩნევდა, რომ ნელდებოდა დემოკრატიზაცია, ხელისუფლებაში ძლიერდებოდა აზრი, რომ დემოკრატია არც ისე კომფორტულია მმართველობისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ყოფილა მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის დროს და ძალიან მომაბეზრებელია ხელისუფლების მიღების შემდეგ, რომ ბევრად მარტივია სიტყვის თავისუფლება გაფორმდეს „ევროპულ აგენტურად“ ან „სააკაშვილის რუპორად“.

გიორგის თქმით, არაკომფორტული აღმოჩნდა ევროინტეგრაციაც, რადგან “ოცნების“ ახალი ხელმძღვანელობა დგებოდა არჩევანის წინაშე – ან რეალურად გაემიჯნება ერთმანეთს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ან უნდა იყოს პარტიული დიქტატურა და დემოკრატიის ჩაწიხვლა. ევროინტეგრაციისგან დაშორება ხდებოდა ეტაპობრივად, მაგრამ თანმიმდევრულად, ნელ-ნელა იზღუდებოდა აზრის თავისუფლება საჯარო მოხელეებისათვისაც.

მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობისას, გიორგი ასევე ესწრებოდა თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რის შემდეგაც სუს-მა „ქართულ ოცნებას“ შეატყობინა, თითქოს გიორგი იყო პროცესის ორგანიზატორი, მან უარყო ორგანიზატორობა, თუმცა აღიარა აქციაზე დასწრება.

გიორგი აღიარებს, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია მისი წინააღმდეგობა ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ოცნების წევრებთან.

გიორგის თქმით, კოჰაბიტანტების და მედროვეების გამარჯვება გამოაშკარავდა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთანავე. იგი აღიარებს, რომ მაინც ცდილობდა გაედო ხიდები „ოცნებასა“ და უკრაინულ მედიას შორის.

გიორგის თქმით, მისი აქტივობა და ენთუზიაზმი ჩაითვალა პოლიტიკურ თავნებობად, იგი აღიარებს, რომ არ ემორჩილებოდა ე.წ. „პარტიულ დისციპლინას“ და რისი გაკეთებაც არ სურდა, არ აკეთებდა.

გიორგი იხსენებს, რომ ბოლოს უარი თქვა ეკა ბესელიას „გაშავებაზე“ და იცოდა, რომ მალე მასთანაც მივიდოდნენ.

გიორგი უძილაური აღიარებს, რომ მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა აქცია პატიმრად – პოლიტიკურ პატიმრად, რადგან მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს.

გიორგიმ არ იცის ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მითუმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად არადემოკრატიულ ორგანიზმში; ზედმეტი აქტივობა, თავნება აზრები და იდეები შეიძლება გადაედოს სხვა ჩინოსნებს და აფიქრებინოს აკრძალული ფიქრები; დღევანდელი პროპაგანდით საქართველოს პატრიოტია მხოლოდ ის, ვინც არ ეწინააღმდეგება ამ პროპაგანდას. ყველა დანარჩენი, ვინც წინააღმდეგია, არის დასავლეთისგან მოსყიდული, შესაბამისად „სახელმწიფოს მტერი“, ან „ჯაშუში“.

გიორგი უძილაური აღნიშნავს, რომ არის კონსერვატორი, იზიარებს ქრისტიან- დემოკრატიულ იდეებს, მხარს უჭერს ტრადიციული ღირებულებების დაცვას, მაგრამ ამავე დროს სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციის ღირსეულ წევრად.

გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ქართული დიპლომატიის ლაჩრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და ყველაფრის „ომის საფრთხით“ გამართლებას.

მისი თქმით, ომი რომ აღარ უნდოდათ, იმიტომ შექმნეს ყოფილმა მტრებმა ევროკავშირი – კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი გაერთიანება, რომელიც გუშინდელმა მოქიშპეებმა აქციეს მშვიდობის და კეთილდღეობის ზონად.

გიორგის თქმით, მშვიდობის გარანტი არის ევროპა და არა რუსული ჩექმის ამბორი და ცახცახი. მშიშრობა, ლატენტური მონობა და განსხვავებული აზრის დახშობა არ ყოფილა ჩვენი წინაპრების ოცნება – ქართული ოცნება”, – აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.

გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. ას ბრალდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამწუხაროდ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.ჯაბა დვალს კარიერის განმავლობაში უამრავი ქართული გუნდის, მათ შორის "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.დვალი "ზესტაფონის“ შემადგენლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2011, 2012) და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული (2008), ასევე ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.tiflisnews-სი მწუხარებას გამოთქვამს ჯაბა დვალის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა

დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა და სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, დანარჩენი ოჯახების სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხორციელდება.„2021 წელს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახს ეტაპობრივად  დავეხმარებოდით. დაპირება, რომ პირველ ეტაპზე, აღნიშნული სტატუსის მქონე 400 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით იქნებოდა უზრუნველყოფილი, შესრულებულია. დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახს განაცხადის შევსება შეუძლია, როგორც მერიაში, ისე გამგეობაში.„ოჯახს, უსახლკაროს სტატუსი შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება. მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ოჯახის თითოეული წევრის შესახებ, 12-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საფინანსო დაწესებულებაში მოძიებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთაც რიგის მიხედვით უწევთ სოციალური საცხოვრისის გადაცემა, შესაბამისი პროცედურების შესრულების მიზნით, მერიის წარმომადგენლები უკავშირდებიან, რის შემდეგ, მათთან ხელშეკრულება ფორმდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშნელოვანია შუა დერეფნის ეფექტიანობისა და რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად.„ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

შალვა პაპუაშვილი – კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, ის არ უნდა არსებობდეს, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მანდატი მოგვცა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა

პარტიების აკრძალვის თაობაზე არანაირი გადაწყვეტილება არც არასდროს მიგვიღია და არც არასდროს მივიღებთ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ კონკრეტული პარტიები არიან ანტიკონსტიტუციური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტიები ანტიკონსტიტუციურები არიან, ისინი არ უნდა არსებობდნენ.„საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, რომ განსაჯოს. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მანდატი მოგვცა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა. საკონსტიტუციო სარჩელის უკან დგას არა „ქართული ოცნება“, არამედ მილიონ 120 ადამიანი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პარტია არის ანტიკონსტიტუციური, ასეთი პარტია უნდა არსებობდეს? ეს ვინმეს აზრია? – კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, მისი არსებობა კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. ხომ მიზანშეუწონელია, რომ ფაშისტური და ძალადობრივი პარტია არსებობდეს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარე გახდა.სებ-ის პრეზიდენტი ამ პოზიციაზე მიმდინარე წლის 27-30 მაისს მოლდოვაში გამართულ ჯგუფის 38-ე წლიურ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს.BSCEE-ის თავმჯდომარის პოზიციას ნათია თურნავა ოფიციალურად 2026 წლის 16 დეკემბრიდან 2027 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში დაიკავებს.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალ წელს BSCEE-ის 39-ე ყოველწლიურ კონფერენციას მესამედ უმასპინძლებს, რაც ორგანიზაციაში ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე მეტყველებს.ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა.საქართველოს ეროვნული ბანკი BSCEE-ში 2013 წლიდან გაწევრიანდა. ჯგუფი აერთიანებს 24 ქვეყნის – ავსტრიის, ჩეხეთის, ხორვატიის, თურქეთის, სომხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების – 25 საბანკო ზედამხედველობის ორგანოს.BSCEE-ის წესების თანახმად, თავმჯდომარე ქვეყანა წევრი სახელმწიფოებიდან ყოველწლიურად როტაციის პრინციპით აირჩევა. საქართველო ამ პოზიციას ორჯერ – 2018 და 2022 წლებში იკავებდა.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები