მის პარტიულ მეგობრებს არათუ არ ადარდებთ, არამედ პირიქით, მისი მაგალითი მათ აღიქვეს, როგორც ძალიან სუსტი მაგალითი ლიდერის მხრიდან – მე ამაში დარწმუნებული ვარ. პარტიაში მიმდინარე დაშლისა და გადანაწილების პროცესი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მისმა თანაგუნდელებმა გაიგეს სინამდვილეში ვინ არის და ვინ იყო ამ წლების განმავლობაში მათი ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც მოიხადეს სასჯელები, გამოვიდნენ და დღეს კიდევ აგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას. მათ გაიგეს, რომ ჰყავთ ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია 1 თვეც კი პენიტენციურ სისტემაში ღირსეულად გაატაროს და შეინარჩუნოს ის მორალური სტანდარტი, რომელიც ევალება პოლიტიკურ ლიდერს, მით უმეტეს, ყოფილ პრეზიდენტს. საქართველოში შემოსვლიდან დაწყებული დღემდე, მან აჩვენა, რომ არის უსუსტესი ლიდერი და დაკარგა პოლიტიკური წონა საკუთარ გუნდში“, – განაცხადა თალაკვაძემ.