ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მან თავად განაცხადა უარი და ბუნებრივია იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა. ეს მისი გადაწყვეტილებაა და მან თავად განაცხადა შემდგომში, რომ მას ამის შესახებ [მოწამვლის შესახებ] არასდროს უსაუბრია ადვოკატებთან, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.
„აქაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის ხოლმე. ჯერ გამოდის ერთი ადვოკატი და აცხადებს მის შესაძლო მოწამვლაზე. მერე უკვე გვესმის თავად სააკაშვილის განცხადება, რომ ის ენდობა ექიმებს და მას არასდროს უსაუბრია ადვოკატებთან შესაძლო მოწამვლაზე. შემდეგ, ვხედავთ, რომ მეორე ადვოკატი მიდის საავადმყოფოში და ის ამბობს, რომ მისთვის დაუჯერებელია, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფ პირს ეს განცხადება გაეკეთებინა. და ბოლოს ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი [სააკაშვილის განცხადება, რომ ის ენდობა ექიმებს და მას არასდროს უსაუბრია ადვოკატებთან შესაძლო მოწამვლაზე] სიმართლეს შეესაბამებოდა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას – ჩვენ ასევე ვიმოქმედეთ ჰუმანურობის პრინციპიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ყველა მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის უზრუნველყოფით და იმისთვის, რომ მიგვეღო დამოუკიდებელი ექსპერტიზისგან დამატებითი ინფორმაცია და დაგვენახა რეალური სურათი, გავუკეთეთ შეთავაზება, რომ ჩატარებულიყო ეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მან თავად განაცხადა უარი და ბუნებრივია იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა. ეს მისი გადაწყვეტილებაა და მან თავად განაცხადა შემდგომში, რომ მას ამის შესახებ არასდროს უსაუბრია ადვოკატებთან. ამაზე ალბათ თავად იმ ადვოკატებმა უნდა იმსჯელონ, ვინც მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთეს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.