მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
მამუკა ონაშვილი რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
მამუკა ონაშვილი 1967 წლის 1-ელ ივნისს ქ. თბილისში დაიბადა.
საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგბენდ „ნიას“ სოლისტად. 1994 წლიდან დაიწყო სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე. იყო მუსიკალური შოუ პროგრამების წამყვანი. 2001 წლიდან დღემდე მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ პროექტ „იუმორინაში“. გამოშვებული აქვს ორი ალბომი – „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეოკლიპი.