შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან ის ადამიანები გვახვევენ, რომლებსაც განზრახული აქვთ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდების მონაწილეობით, უცხოური დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგები და ამის ავტორები და შემოქმედები იყვნენ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები.
„საუბარი გვქონდა სუს-ის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ასევე ახალი ინფორმაცია, რომ საქართველოში იგეგმებოდა, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული ღონისძიებები. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვაცნობა და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ნახევარი, რაც ჩვენ გავიგეთ წინა ბრიფინგიდან, უკვე გამართლდა, ახდა, როგორც იტყვიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ღლიცინს არ იშურებდნენ ამ ახალი ინფორმაციის მისამართით. უკვე ვნახეთ, რომ დიახ, ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგები უცხოური დაფინანსებით და ამის ავტორები და შემოქმედები იყვნენ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დასახლებული იყვნენ სუს-ის წინა ბრიფინგის ტექსტში. მეორე ნახევარი უკვე არის ამ გეგმის აღსრულება, რასაც ქართული სახელმწიფო, შემდგარი ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან, თუ შიგნიდან გვახვევენ ის ადამიანები, რომლებსაც განზრახული აქვთ, საქართველოში ძალადობრივი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი, დემოკრატიული, ლეგიტიმური – ანუ, არჩევნების გზით საქართველოში დღეს ხელისუფლების შეცვლა ქართულ ოპოზიციას არ შეუძლია, ამიტომ ფიქრობენ, რომ შეცვალონ ძალადობრივი გზით, ამის შემდეგ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა. ამას არ დაუშვებს ქართული, შემდგარი სახელმწიფო და ქართული საზოგადოება, მხარდაჭერა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე თითოეული მოქალაქის ფიქრი, განსაკუთერებით ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საკითხებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.