საქართველოს რაც დაღუპავს და გააჩენს ბომბების წვიმას,იმის გაკეთებას ნუ მოგვთხოვს ნურავინ,-ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ხელს შეუწყობდა რუსეთის კიდევ უფრო დასუსტებას.
“შეიძლება ვიღაცას საქართველო წარმოუდგენია აქტორად და მართლაც შეიძლება ამან რაღაც წვრილი შეიტანოს რუსეთის დასუსტებაში, მაგრამ როდესაც მეგობარს მთხოვ, რომ ჩავერთო რაღაც კონფლიქტში, რომელიც მე მომკლავს, გამანადგურებს და ვერ დავდგები ვერასდროს ფეხზე… მე გეუბნები, გიდგავარ გვერდით, მაგრამ ნუ შემიყვან იქ, სადაც მე ფიზიკურად ფეხზე ვეღარასდროს წამოვდგები. საქართველოს რაც დაღუპავს, იმის გაკეთებას ნუ მოგვთხოვს ნურავინ. მე რაც შემიძლია ვაკეთებ იმას, მაგრამ რაც არ შემიძლია და ამ ქვეყანას დაღუპავს, ბომბების წვიმას გააჩენს, ამ ქალაქში მშვიდობის ტერმინიც კი, რომ აღიზიანებთ ამ ხალხზეა ლაპარაკი. ჰააგაში ვართ თანასპონსორები რუსეთის წინააღმდეგ. მეტი პოლიტიკური განაცხადი ჩვენი მხრიდან რა უნდა ყოფილიყო,”-აცხადებს მამუკა მდინარაძე.