კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული, ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე, ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პირადად მას ჰქონდა პატივი ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, მისი პრემიერობის დროს დაიხურა ვალდებულებები და ამის შემდეგ დაწესდა უვიზო რეჟიმი.
„მე მქონდა პატივი ხელი მომეწერა ოფიციალურ განაცხადზე, რომელიც შარშან შევიტანეთ და აღნიშნულის საფუძველზე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა.
რაც შეეხება ნატოს, ჩვენ არ შეგვიჩერებია ძალისხმევა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ჩვენი ჯარების ავღანეთში, მანამდე, ერაყშიც. ასევე, ჩემი პრემიერობის დროს გავაგზავნეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი ჯარი. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენი სურვილი, ეს მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს. ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასა და ნატოს“, – განაცხადა პრემიერმა.