15 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა – აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა რუსეთის ქმედებების გამო.
„ღრმა პატივისცემითა და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ რუსეთის ძალების მიერ მოკლულებს, დაშავებულებსა და დევნილებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„რუსეთის ქმედებები ოკუპაციის დროს, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი გადაადგილება ჯერ კიდევ უთქმელ სირთულეებს იწვევს. ისევე როგორც უკრაინაში, ქართველმა ხალხმა განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა და მეზობლებზე დომინირების სურვილი“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ს მტკიცე განწყობა აქვს, დააკისროს რუსეთს პასუხისმგებლობა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც მოიცავს ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანასა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ მიწოდებას.
„რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები აუცილებელია იმისთვის, რომ ასიათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს უსაფრთხოდ დაბრუნება საკუთარ სახლებში და ღირსეულად ცხოვრება. 15 წლის შემდეგ, აშშ ურყევად უჭერს მხარს ქართველ ხალხსა და მათ აბსოლუტურ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ესწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, – ნათქვამია განცხადებაში.

