ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში შეფასებულია ქვეყნის საერთო შესაძლებლობა, შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ანუ ევროკავშირის კანონთა კრებული, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულებაში, მეორადი კანონმდებლობა და ევროკავშირის პოლიტიკა.
ანალიტიკური ანგარიში წარმოადგენს სტრუქტურულ შეფასებას 1993 წელს კოპენჰაგენში ევროპული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან და ევროპული საბჭოს შემდგომ დასკვნებთან მიმართებაში. ის ეფუძნება საქართველოსთან ევროკავშირის ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას და საქართველოს პასუხებს დეტალურ კითხვარებზე, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსგან 2022 წლის 11 და 19 აპრილს მიიღო.
ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის მნიშვნელოვან ნაწილს. ის ასევე უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ სტრუქტურას ორმხრივი დიალოგისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების პროცესის მონიტორინგისთვის. ეს ანალიტიკური ანგარიში არ ეხება საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
აღნიშნული ანგარიში ასახავს სიტუაციას 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, როდესაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება საქართველოს განაცხადის შესახებ. ანგარიში იყენებს შეფასების შემდეგ სკალებს: ადრეული ეტაპი, მომზადების გარკვეული დონე, ზომიერად მომზადებული, მომზადების კარგი დონე და მომზადების მაღალი დონე.
ანალიტიკური ანგარიში ისეთი სფეროების მიმოხილვასა და შეფასებას მოიცავს, როგორიცაა მართლმსაჯულება, შიდა ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა, მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა, რესურსები და სოფლის მეურნეობა, საგარეო ურთიერთობები.