ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „გურიამ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა. ჩვენი ჩემპიონი გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ესტუმრა და 1:0 სძლია.
ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გავიდა – ირინა ხაბურძანიამ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გუნდის ბომბარდირი ხატია ჭყონია გაიყვანა და მან ეს შანსი გოლად აქცია. სხვაობა ორბურთიანიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მთავარმა არბიტრმა 34-ე წუთზე მარიამ კალანდაძის საგოლე დარტყმისას თამაშგარე დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე გასვლაზე ყაზახეთის ძლიერი კლუბი, „ოკჟეტპესი“ დამატებულ დროში 2:1 დაამარაცხა. ორივე გოლი მაშინაც ხატია ჭყონიამ (62, 95 წუთებზე) გაიტანა.
საქართველოს ჩემპიონი ამ მოგებით გათამაშების 1/16-ფინალში გავიდა, რომლის წილისყრაც 24 ნოემბერს ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართება. ამ ეტაპზე მატჩები ორრაუნდიანია, 9/10 და 15/16 დეკემბერს გაიმართება. ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ოლიმპიური სისტემით ტარდება, არ იქნება ჯგუფური ეტაპი.