საქართველო ევროპაში ყველაზე მზარდ ტურისტულ ადგილად დასახელდა

 2020 წლისთვის მსოფლიოში 30 ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილებს შორის პოპულარულმა ტურისტულმა ვებგვერდმა travellemming.com-მა საქართველო დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგებს ყოველწლიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით საერთაშორისო მოგზაური ბლოგერები ადგენენ. წლევანდელ სიაში საქართველო ევროპაში ყველაზე განვითარებადი ტურისტულ ადგილადაა წარმოდგენილი და 30 ქვეყნისგან შემდგარი სია, სწორედ საქართველოთი იწყება.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველო მოგზაურებისთვის ჯერ კიდევ “ბოლომდე აღმოუჩენელი მარგალიტია”. კავკასიის მთები ალპებს არაფრით ჩამოუვარდება, თბილისი კი ევროპული ქალაქივითაა.

„კავკასიის მთები ტოლს არ უდებს ალპებს. ძველი თბილისის ბოჰემური ნაწილი ფეხით მოსიარულეს პრაღის პოზიტიურ შთაბეჭდილებას უქმნის. ღვინო ამ ეტაპისთვის მსოფლიო აღიარებას იძენს, ეს სასმელი დასაბამს საქართველოდან იღებს. ამას გარდა, საქართველო ძალიან ხელმისაწვდომი მიმართულებაა – სხვაგან სად შეგიძლიათ დაისვენოთ ევროპული სტილით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი ტურისტის ბიუჯეტით?“, – აღნიშნავს Travellemming.

ვებგვერდი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას აპრილიდან ოქტომბერის ჩათვლით ურჩევს. საიტი აუცილებლად სანახავ ლოკაციებად კი უშგულს, კახეთის რეგიონსა და ძველ თბილისს ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მეორე ადგილზე ახალი შოტლანდია გავიდა, რომელიც კანადის ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური და მზარდი პროვინციაა. მესამე ადგილი კუკის კუნძულებს ხვდა წილად. მეოთხე პოზიცია აფრიკულმა სახელმწიფო-რუანდამ დაიკავა. მეხუთე ადგილზე ყირგიზეთი, მეექვსეზე ეკვადორი, მეშვიდეზე კი შვედეთის ქალაქი გოტენბურგი მოხვდნენ.

Comments

კომენტარები