საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას დღეს „დინამო არენაზე“ გამართავს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას დღეს „დინამო არენაზე“ გამართავს.

ქართველი ფეხბურთელები უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეექვსე შეხვედრაში ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

მატჩისთვის 27 ფეხბურთელი ემზადება. გუნდს დაუბრუნდნენ თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ხვიჩა კვარაცხელია და ლევან კი კვლავ შენგელია კარანტინში არიან. სვანაძე 2019 წლიდან საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა. გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა, თუმცა ეს ტურნირი პანდემიის გამო გაუქმდა. საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებ გუნდებს შორის ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

გასამართ მატჩთან დაკავშირებით რამაზ სვანაძემ განაცხადა, რომ მათთვის ახლა მთავარი ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიური ფონის მოხსნაა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ნდობის მანდატი მომანიჭა. დღეს ჩემი და ჩემი სტაფის მთავარი ამოცანა არის, რომ ის ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც დღეს არის, რაც შეიძლება მალე, იმ მოკლე ვადაში, რაც ჩვენ გვაქვს, გაუმჯობესდეს, განწყობა ამაღლდეს და ხალისი დაბრუნდეს. მერწმუნეთ, რომ ფეხბურთელებზე მეტად, არავის უნდოდა ის, რომ ევროპაზე გვეთამაშა და მოგვეგო ყველა თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს.

მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ფეხბურთი – არსებობს როგორც დამარცხებული, ისე გამარჯვებული მხარე. ამ შემთხვევაში, ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ფეხბურთელებამდე მივიტანო ის, რომ წარსულით ცხოვრება კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს ყველაფერი უკვე ჩავლილი თემაა. ამიტომ მხოლოდ წინ უნდა გავიხედოთ და მჯერა, რომ ეს ყველაფერი მინდორზე გამოჩნდება“, – განაცხადა სვანაძემ

თავის მხრივ ნიკა კვეკვესკირმა მადლობა გადავუხადა ყოფილ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს და აღნიშნა, რომ ხუთი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო იყო გაწეული.

„ფეხბურთელები ბოლომდე ვიზიარებთ ჩვენ პასუხისმგებლობას და არსად არ გაგვიშვერია ხელი, იმიტომ რომ ფაქტია, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს ფეხბურთს და ჩვენს გულშემატკივარს. გულშემატკივარს, რომელმაც არნახული დახვედრა მოგვიწყო. უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მივიღე და ძალიან ამაყი და პასუხისმგებლობით სავსე ვიყავით მეც და თითოეული ჩემი თანაგუნდელი. ასეთი მხარდაჭერა მართლა არასდროს გვიგრძვნია. ჩვენი გულშემატკივარი იმიტომაც იმსახურებდა ამ გამარჯვებას, რომ ამ წაგების შემდეგაც, სომხეთთან თამაშის წინ მოგვიწყვეს დახვედრა.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყველანაირად იმსახურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები არ იყოს ამ მდგომარეობაში და ვიყოთ სულ სხვა რეალობაში. მაგრამ ფაქტი არის ის, რაც მოხდა და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ვიცით, რომ იმედები გაგიცრუეთ. იმედები გაგიცრუეთ არამარტო თქვენ, არამედ საკუთარ თავს და ჩვენი ოჯახის წევრებს. მაგრამ ეს მოლოდინებიც ამ ფეხბურთელების დამსახურებაა და ზუსტად ეს ფეხბურთელები ეცდებიან, რომ ეს იმედები თავიდან გაჩნდეს და გამართლდეს”, – განაცხადა კვეკვესკირმა.

Comments

კომენტარები