პარასკევი, მარტი 20, 2026

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ეტლით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ჩვენი ნაკრების წევრებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს 45:42 მოუგეს და გუნდური ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ერთეულთა თანრიგში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი ნინა თიბილაშვილი გახდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს.მისივე თქმით, მობილიზებული იქნებიან საპოლიციო და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოსახლეობას მსვლელობის დროს დაეხმარებიან.„მრევლისთვის იქნება სივრცის გარკვეული ნაწილი, სადაც ალბათ შევძლებთ, შეზღუდული რაოდენობა შემოვიდეს. სავარაუდოდ ამის ხელით მართვა მოგვიწევს. ყველა სივრცე როცა შეივსება, შევეცდებით, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მეტი ადგილი არ არის. მოგეხსენებათ, ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი და მან უნდა ჩაატაროს წირვა. შესაბამისად, წირვის პერიოდში აღარ იქნება მსვლელობა შიგნით. ადგილზე მობილიზებული იქნებიან საპოლიციო და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოსახლეობას მსვლელობაში შეუწყობენ ხელს. სამებაში ძირითადად შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც წირვის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გამოსვენება. გვერდითა ნაწილები იქნება თავისუფალი და საზოგადოებას ექნება საშუალება, პატრიარქის გასვენებისას გვერდითა პოზიციები დაიკავონ, შემდგომში კი ნელ-ნელა გამოყვნენ მსვლელობას“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.ამასთან, ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ილია მეორის დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.„სიონის ტაძარს რაც შეეხება, ვიცი, რომ იქნება დაკეტილი და მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა არ იქნება. შემუშავებულია გეგმა და საბოლოო დეტალებს გავდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სადღაც გზები გადაიკეტება, რა ადგილამდეც მოქალაქეები თავისუფლად მივლენ და სადღაც – შეიზღუდება. დღეს იყო კომისიის სხდომა, ვმსჯელობთ, რამდენი სტუმარი იქნება და მსგავს დეტალებს გავდივართ. ხვალ, შუადღისთვის გვეცოდინება, რამდენი სტუმარი იქნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში  დაკრძალავენ.

კაროლ ნავროცკის სახელით, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიცეხ კოლარსკიმ საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის სახელით, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიცეხ კოლარსკიმ პოლონეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.„ვოიცეხ კოლარსკიმ საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა ავტოკეფალური ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მინისტრმა თანაგრძნობა გამოუცხადა ქართველ ხალხს სულიერი ავტორიტეტის დაკარგვის გამო, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში პატრიარქად მსახურობდა“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა უნივერსიტეტებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

"საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები განსაკუთრებული გულისტკივილითა და მადლიერების გრძნობით ქედს ვიხრით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათელი ხსოვნის წინაშე, პატივს მივაგებთ მის უკვდავ სულს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მომავალი თაობა პედაგოგებთან ერთად დგას, რათა სიღრმისეულად გაიაზროს ის განუზომელი ღვაწლი, რომელიც სულიერმა მამამთავარმა და განათლების, მეცნიერებისა და ეროვნული ცნობიერების გამორჩეულმა დამცველმა - ილია მეორემ სიყვარულითა და თავდადებით გასწია თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობისას“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სამებაში, საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდა.„თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და ინფორმაციის სიჭარბე განსაზღვრავს განვითარების ტემპს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების ჰუმანური და ღირებულებითი განზომილება. პატრიარქის სწავლება დაფძნებულია პიროვნებად ჩამოყალიბების მთავარ პოსტულატზე - განათლება არის პროფესიული უნარების შეძენა, რომელიც ადამიანში აყალიბებს პასუხისმგებლობას, სამართლიანობის განცდას და თანაგრძნობის უნარს. ამდენად, აკადემიური სივრცე ვალდებულია იყოს არა მხოლოდ ცოდნის ტაძარი, არამედ ღირებულებათა ფორმირების ცენტრიც. სწორედ ასეთი განათლება, რომელიც აერთიანებს ინტელექტუალურ სიღრმეს, სულიერ სიმტკიცესა და ეთიკურ პასუხისმგებლობას, არის ის მყარი საფუძველი, რაზეც უნდა დაშენდეს ქვეყნის მომავალი განვითარება. ეს არის გზა, რომელიც პატრიარქმა ჩვენ, პედაგოგებს გაგვიკვალა, გზა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალთა აღზრდას და ახალგაზრდების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, საბოლოოდ განსაზღვრავს სახელმწიფოს მდგრადობასა და პროგრესს. დღეს, როდესაც ერთად ვდგავართ, განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობთ, რომ ჩვენი პატრიარქის დანატოვარი სულიერი და საგანმანათლებლო მემკვიდრეობა ცოცხალია და მომავალ თაობებში გაგრძელდება. სწორედ ამ ერთობაში, ამ თანაზიარებაში იკვეთება ერის სულიერი მამის ცხოვრებისეული მისიის მთავარი არსი - განათლებული, სულიერად ძლიერი და პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლსა და თითოეულ მოქალაქეს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაცვალების გამო. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!“, - განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების რექტორებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ხოლო პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანიამ გადაიხადა.

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წინამძღვარმა ისიდორემ ილია მეორის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინა

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წინამძღვარმა ისიდორემ ილია მეორის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინა.„გოლგოთაზე ტრისაგიონი საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის სულის ხსოვნისა და მარადიული განსასვენებლისთვის, უხუცესის, კიდობნის მცველისა და აღდგომის ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსის, ისიდორეს მიერ“, – ნათქვამია იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო – გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, ილია მეორის უფლისმიერ მიცვალების გამო

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.როგორც წერილში აღნიშნულია, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, თეოდორე მეორე მისიონერული ვიზიტის გამო ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრებას ვერ შეძლებს და მას ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე წარმოადგენს.„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს. საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, უნეტარესი ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და ღვთივსათნო სამძიმარს თქვენი უწმინდესი ეკლესიისა და მისი კეთილმსახური მრევლის მიმართ.ამავდროულად, გაცნობებთ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, უნეტარესი თეოდორე II ამჟამად იმყოფება მისიონერული ვიზიტით კონგოში. ამ მიზეზით, დაკრძალვის წესის აღსრულებისას მას წარმოადგენს ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე.აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავრის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში.გაბრიელ ლეონტოპოლელი, საპატრიარქოს საერთო ეპიტროპოსი. ალექსანდრია“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები