ოთხშაბათი, ივლისი 8, 2026

„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს

შეიარაღებული პირი, რომელიც ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, ახალ პირობებს ასახელებს.

როგორც ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მძარცველი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს.

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვს და აცხადებს, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვს დამონტაჟებული. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელს აყვანილი ჰყავს 12 მძევალი.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი დაიცავს საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას

ისრაელი დაიცავს საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰაიფაში საზღვაო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა.„მე დავისახე მარტივი მიზანი. საზღვაო ძალების და ისრაელის მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო მარშრუტების და საზღვაო ვაჭრობის თავისუფლება, რაც ასე მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმების შესახებ. ასევე, იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმით დაიმუქრნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ, დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა

აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ და ამ ინიციატივას არ დაუჭირა მხარი ეუთო-ს მონაწილე ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ესპანეთმა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.სამხარაძის თქმით, დოკუმენტი, რომელშიც ბრალდებები მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი, მხოლოდ ერთმა ექსპერტმა შეადგინა. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, 22-ე პუნქტში არ არის ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები.„დოკუმენტში წერია მხოლოდ ბრალდებებზე, თუმცა მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა. მოგიწოდებთ, რომ წაშალოთ სიტყვა „საქართველო“ ამ აბზაციდან. რაც შეეხება 22-ე პუნქტს, აქაც მაშფოთებს, რომ ამ პუნქტში არ არის ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, რაც არაერთხელ აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის მიერ და საქართველოში თქვენი ბოლო ვიზიტისას. რაც შეეხება გამოძიების შესახებ მოწოდებას, გამოძიება დაწყებულია და რამდენიმე დამნაშავე პასუხისგებაში უკვე მიეცა. ობიექტურობისთვის ეს პუნქტები უნდა აისახოს ამ რეზოლუციაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ასამბლეაზე ჩანს ძალიან სახიფათო პრეცედენტი, როცა ბრალდებებს ფაქტებად გარდაქმნიან.„ეს ძირს გამოუთხრის ამ ორგანიზაციის სანდოობას, რაც უკვე არც ისე კარგ მდგომარეობაშია, ზოგიერთი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფონზე. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, არ მოხდეს მანიპულაცია და ერთი მისიის მიგნებები მეორეში არ ავურიოთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარადგინა. პროექტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამერიკული გამოცემა – როჯერ უიკერსა და ჯო უილსონს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძლობაზე კონფლიქტი წარმოიშვა, უიკერმა უილსონს მოსთხოვა, აშშ-ის დელეგაციის შერცხვენა შეეწყვიტა

ორ რესპუბლიკელ კონგრესმენს, მისისიპის სენატორ როჯერ უიკერსა და სამხრეთ კაროლინას წარმომადგენელ ჯო უილსონს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი წლის სესიის მასპინძლობასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, –  ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Semafor წერს.გამოცემის ცნობით, უილსონი 2024 წლიდან ცდილობდა, სესია მისსავე შტატში, ჩარლსტონში გამართულიყო.მარტში უიკერმაც ხელი მოაწერა ორპარტიულ წერილს, რომელიც ღონისძიებისთვის 4 მილიონი დოლარის ფედერალურ დაფინანსებას ითხოვდა. თუმცა, როგორც Semafor წერს, გასულ კვირას უიკერმა პოზიცია შეცვალა და უილსონს ტელეფონით შეატყობინა, რომ ჩარლსტონს ღონისძიების მასპინძლობა არ შეეძლო.უიკერმა აღნიშნულის მიზეზად წვეულებისთვის კვების ორგანიზების პრობლემები და სესიის მაღალი ხარჯები დაასახელა.გამოცემის ინფორმაციით, უილსონი ამ ფაქტმა აღაშფოთა და განაცხადა, რომ უიკერის წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.ჯო უილსონმა, ასევე, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მავნე ჭორების“ მიუხედავად, ჩარლსტონში ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები ფართო მხარდაჭერით მიმდინარეობდა.გამოცემის ცნობით, დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც უიკერმა განაცხადა, რომ აშშ მომავალი წლის სესიის მასპინძლობას აღარ გეგმავდა.Semafor-ის მიერ მოპოვებული ტექსტური მიმოწერის მიხედვით, უიკერმა უილსონს მისწერა, რომ საკითხი „დახურულია“ და მოსთხოვა, „შეეწყვიტა საკუთარი და აშშ-ის დელეგაციის შერცხვენა“.ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, როჯერ უიკერმა თავდაპირველად უილსონს დელეგაციის საერთო თვითმფრინავით ნიდერლანდებიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნება აუკრძალა და უთხრა, სხვანაირად მოეხერხებინა დაბრუნება. მოგვიანებით კი, ეს გადაწყვეტილება გააუქმა – უილსონს, მის თანაშემწესა და მეუღლეს დელეგაციის თვითმფრინავით დაბრუნების უფლება მისცა.უილსონის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორებმა უკვე დაჯავშნეს ჩარლსტონის Gaillard-ის ცენტრი და მიმდებარე სასტუმროები, ასევე, მოწვევები გაუგზავნეს ეუთო-ს ელჩებს. მისივე განცხადებით, ამჟამინდელი გაურკვევლობა ევროპელ პარტნიორებს არასწორ სიგნალს უგზავნის იმის შესახებ, რომ ამერიკა სანდო არ არის.

შიო მესამე – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი...

ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის და მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, „მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, პატივი მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, უდიდეს წმინდანს, შევისმინოთ მისი მოწოდებებისა და ქადაგების“.„დღეს არის ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული, რომელიც ნაკურთხია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე. დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ეს ტაძარი განსაკუთრებულია სენაკელებისთვის, რადგან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის, მრევლისა მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებით საყვარელია ეს ტაძარი სენაკელებისთვის. მინდა, განსაკუთრებით გავიხსენო მღვდელმონაზონი ამბაკონი, რომელიც იყო მოთავე ტაძრის მშენებლობის, მთავარი ორგანიზატორი. ყველას მადლობა ამ შესანიშნავი ტაძრის აგებისთვის.მინდა, განსაკუთრებული სიყვარული გამოვთქვა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი. ვმადლობ უფალს, რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება თურმე, როგორც ყოფილა ღვთის ნება, კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო მსახურებისთვის. მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ეპარქიაში. ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. ალბათ ვეცადე, შეძლებისდაგვარად მესწავლა მთავარი რამ, ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია, დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსიც. ვმადლობ უფალს, რომ ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მამსახურა ამდენი წელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მისი ლოცვით, უფალი შეგვეწიოს სინანულის სწავლაში და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი. ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს, გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შიო მესამემ.

სგპ „სადახლოს” მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად 100 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები იქნა გამოვლენილი.აღმოჩენილი საქონელი კანონდამრღვევ მოქალაქეებს კუთვნილ ბარგში მალულად ჰქონდათ მოთავსებული. დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 002 ლარი შეადგინა.ორივე კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯამში 21 002 ლარით დაჯარიმდა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები