რიგ საგნებში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

შემოდგომაზე მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან არის შესაძლებელი, – ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული.

სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ, დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება ან მთლიანი შეფასება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის, რომელიც 2 – 8 ნოემბერს ჩატარდა 26 600-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

Comments

კომენტარები