რატომ აწესებს საფრანგეთი მიგრანტებისთვის კვოტებს? – პრემიერის განმარტება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი განმარტავს თუ რატომ სურს ქვეყანას მიგრანტებზე კვოტების დაწესება. მისი თქმით, ქვეყანამ მიგრაციაზე კონტროლი უნდა დაამყაროს.
”ჩვენი სურვილია შევარჩიოთ თუ როგორ მივიღებთ მიგრანტებს. ამისათვის კი, საუკეთესო გზად პროფესიონალი მიგრანტებისთვის კვოტების დაწესება მიგვაჩნია,” – აღნიშნა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

როგორც ედუარ ფილიპი ამბობს, სამომავლოდ პარლამენტი ყოველწლიურად განსაზღვრავს ქვეყნისთვის საჭირო პროფესიების სიას და კვოტებს ამ დოკუმენტზე დაყრდნობით დააწესებენ. რეგულაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე არ გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სისტემა კანადასა და ავსტრალიაში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს.

როგორც ევროპული მედია ვარაუდობს, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის მიგრანტთა შედინების უკეთ რეგულირება მთავარი პირობა იქნება.

შეგახსენებთ, სექტემბერში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ყველასთვის თავშესაფრის მიცემა არ შეუძლია. ემანუელ მაკრონმა მაშინ აღნიშნა, რომ 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. მაკრონმა ასევე მიუთითა მიგრაციის სფეროში ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არარსებობაზე.

ცნობისათვის, მაკრონის პირველი საპრეზიდენტო ვადა 2022 წელს იწურება. მის მთავარ კონკურენტად მარინ ლე პენს მოიაზრებენ, რომელიც ანტი-მიგრაციული შეხედულებების მხარდამჭერია.

ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნით 122,743 განცხადება შევიდა, რაც 22%-ით მეტია 2017 წლის მონაცემებზე.

Comments

კომენტარები