სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026

რატომ აქვთ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე კაცებს?

შაკიკი არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ძლიერი პაროქსიზმული თავის ტკივილი ახასიათებს. ტკივილი, როგორც წესი, თავის მარჯვენა ან მარცხენა ნახევარსფეროში ფიქსირდება და ყველაზე ტიპურ შემთხვევებში 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შაკიკი საკმაოდ სიმპტომატურია, რაც გულისრევაში, სინათლისადმი, ხმებისა და სუნისადმი მგრძნობელობის გამძაფრებაში გამოიხატება. ის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის მესამე ადგილზეა. რატომ არის ეს დაავადება ამდენად ხშირი? მართალია თუ არა, რომ შაკიკის მქონე პაციენტების დაახლოებით 75%-ი ქალია? შესაძლებელია თუ არა, რომ შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

რა იწვევს შაკიკს?

შაკიკის მიზეზებს მეცნიერები დღემდე სწავლობენ. თუმცა უკვე დადგენილია, რომ დაავადება პაციენტს ხშირად მემკვიდრეობით, მდედრობითი ხაზით გადაეცემა. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ აშშ-ში შაკიკის დიაგნოზის მქონე 4 ადამიანიდან, სამი ქალია. ამასთან, გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც საბოლოო ჯამში კონკრეტულ სიტუაციაში თავის ტკივილს უწყობს ხელს.

შაკიკის თანმხლები ტკივილის განვითარების მექანიზმი სამწვერა ნერვის ბირთვის აქტივაციასთან არის დაკავშირებული. ეს თავიდან სპაზმს იწვევს, შემდეგ – თავის ტვინის არტერიის გაფართოებას, საბოლოოდ კი პერივასკულურ შეშუპებას აყალიბებს, რაც შაკიკის დაწყების მიზეზია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შაკიკის ჩამოყალიბებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინის გაცვლის დარღვევა უწყობს ხელს.

შაკიკის შესაძლო მიზეზები შეიძლება 4 ჯგუფად დაიყოს:

– ფსიქოლოგიური: გონებრივი და ემოციური დატვირთა, სტრესი;

– ფიზიოლოგიური: ძილის დარღვევა, გადაღლა, ჰორმონალური ფონის ცვლილება;

– კვებითი: დადასტურებულია, რომ თირამინს, რომელიც ძალიან ბევრ პროდუქტშია (ყავა, შოკოლადი, თხილი, ყველი, ციტრუსი) შეუძლია შაკიკის ტკივილის პროვოცირება. ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული შაკიკი და ალკოჰოლი. ღვინოს, შამპანურსა და სხვა მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელებს მისი შეტევის  გამოწვევა შეუძლია.

– გარე ფაქტორები: მძაფრი სუნი, მკვეთრი შუქი, ხმამაღალი ბგერები, ატმოსფერული წნევის ცვლილება, დახუთულ სივრცეში ყოფნა.

შაკიკის მიზეზი როგორც ქალებში, ასევე კაცებში დაკავშირებულია ჰორმონალური ფონის თავისებურებებთან.

რატომ აქვთ შაკიკი უფრო ხშირად ქალებს, ვიდრე კაცებს?

შაკიკის შეტევა ხშირია მენსტრუაციის დროს, როდესაც ჰორმონების ზემოქმედებით სისხლძარღვების ტონუსი იცვლება, რაც მთელი ციკლის განმავლობაში გრძელდება. ქალების ნაწილს ოვულაციის დროს ძლიერი თავის ტკივილი ეწყება. ზოგს კი შაკიკის შეტევა პრემენსტრუალური სინდრომის ან უშუალოდ სისხლდენის დროს აქვს. არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური შაკიკის დროს ეფექტიანია ჰორმონალური კონტრაცეპტივები.

შაკიკი ხშირია ფეხმძიმობის დროსაც. ეს არა ჰორმონალურ ცვლილებებთან, არამედ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე გაზრდილ ზეწოლასთან არის დაკავშირებული, რაც დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის მიმოქცევის დამატებით არის გამოწვეული.

შაკიკი ხშირად არის დაკავშირებული კლიმაქსთანაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მენოპაუზასთან ერთად ქალის ორგანიზმში ჰორმონების ურთიერთქმედება იცვლება.

შეიძლება შაკიკი ბავშვსაც ჰქონდეს?

დიახ. მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შაკიკის დიაგნოზი აქვს, მათ შორის არიან ბავშვები. სტატისტიკის თანახმად, ამერიკაში მცხოვრები ოთხი ოჯახიდან ერთში შაკიკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. რაც შეეხება სქესსა და ასაკს, ამერიკელი ქალების 18%-ს ეს დაავადება აქვს. მაჩვენებელი კაცებში 6%-ს, ბავშვებში კი 10%-ს შეადგენს. შაკიკი ბავშვების შემთხვევაში დაკავშირებულია გადაღლასთან, რაც ძლიერ გონებრივ და ემოციურ დატვირთვას უკავშირდება. მოზარდებში შაკიკის მიზეზი  შეიძლება გახდეს ჰორმონალური ცვლილებები, რაც ძირითადად გარდამტეხ ასაკში ხდება. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში ძლიერი თავის ტკივილები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა.

შაკიკის სიმპტომები ბავშვებში უფრო რთულად ვლინდება. ეს განსაკუთრებით ეხება ადრეულ ასაკს, როდესაც თქვენს პატარას ჩივილების ზუსტად ფორმულირება არ შეუძლია. მოზარდების შემთხვევაში კი ამ დაავადების გამოვლინება, ფაქტობრივად, იგივეა რაც ზრდასრულებში, ამიტიმაც დიაგნოსტიკას არანაირი გართულება არ ახლავს.

რა სიმპტომები აქვს შაკიკს?

შაკიკის მთავარი სიმპტომია ძლიერ პულსირებული თავის ტკივილი. ჩვეულებისამებრ, ის თავის ცალ მხარეს აღინიშნება, ძირითადად კი შუბლის არეში, თუმცა ტკივილის ადგილმდებარეობა შეიძლება განსხავებულიც იყოს. ამის პარალელურად შაკიკს სხვა გამოვლინებებიც აქვს. ეს არის გულისრევის შეგრძნება, ღებინება და უმადობა; შუქის, ხმების, გემოსა და სუნისადმი მაღალი მგძრნობელობა; თავბრუს ხვევა, ძილიანობა, გაღიზიანება და აღგზება აგრესიის ფონზე.

დაავადების თავისებურებები განისაზღვრება შაკიკის ფორმით, რომელიც რამდენიმეა. ქალებსა და კაცებში სიმპტომები, ფაქტობრივად, ერთნაირია. განსხვავებულია მხოლოდ შეტევის სიხშირე. ის კაცებში უფრო იშვიათია, ვიდრე – ქალებში.

განასხვავებენ შაკიკს აურითა და აურის გარეშე. აურა არის პერიოდი რომელიც თავის ტკივილის დაწყებას წინ უსწრებს. ის შეიძლება ყნოსვის გაუკუღმართებაში ან სხვა ფორმით გამოიხატოს. აურის შემდეგ იწყება თავის ტკივილის შეტევითი ხასიათი და დაახლოებით 4-დან 72 საათამდე გრძელდება. შეტევების სიხშირე ინდივიდუალურია. შაკიკი აურის გარეშე, ვლინდება თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით, კუნთების მოდუნებითა და სხვ.

შაკიკის ფორმებიც განსხვავებულია?

სპეციალისტები გამოყოფენ კლასიკურ ფორმისა და ნევროლოგიური სიმპტომების მქონე შაკიკს, რომელიც თავის მხრივ ცალკე ქვესახეობებად იყოფა. შაკიკი აურის გარეშე თავის ეპიზოდური ტკივილებით მიმდინარეობს. მას ნევროლოგიური დეფიციტი არ ახასიათებს. შაკიკი აურით კი ზემით ჩამოთვლილი ნეიროფსიქოლოგიური სიმპტომების ფონზე მიმდინარეობს.

კისრის შაკიკი ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მაჩვენებელია. მას თავის ძალიან ძლიერი ტკივილი ახასიათებს; ქრონიკულ პაროქსიზმულ ჰემიკრანიას (შაკიკი) კი – ეპიზოდური ხანმოკლე სიმტომები. ის ნახევარ საათზე მეტ ხანს არ გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეორდება; ბაზილარული შაკიკი არის საკმაოდ იშვიათი ფორმა, რომლის სიმპტომებიც ადამიანის თვითშეგრძნებას მნიშვნელოვნად ამძიმებს. მას ახასიათებს თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაურის შეგრძნება და გონების დაკარგვაც კი. მთავარი სიმპტომია თავის ძლიერი ტკივილი, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. შეტევის შემდეგ პაციენტს ეძინება. შაკიკის ეს ფორმა ხშირია გარდატეხის ასაკში მყოფ გოგოებში, მათი სქესობრივი მომწიფების დროს.

თვალის (ოფთალმოლოგიური) შაკიკის დროს პაციენტს მხედველობის გაბუნდოვნება და ციმციმი ეწყება. შეტევა ნახევარ საათზე მეტს არ გრძელდება. თვალის შაკიკის მიზეზია თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროს უკანა ნაწილში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. რეტინალურ შაკიკს კი მოვლითი სიბრმავე ახასიათებს, რასაც თვალის ბადურის სპაზმი იწვევს.

როგორ ხდება შაკიკის დიაგნოსტიკა?

შაკიკის დიაგნოზს ექიმი პაციენტის ჩივილების მოსმენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სვამს. საამისოდ ტკივილისა და მისი თანამდევი სიმპტომების დახასიათება საკმარისია. თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, ამიტომაც ინსტრუმენტული გამოკვლევა აუცილებელია. ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიის გამოსარიცხად თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება. აუცილებლად ინიშნება ოკულისტის კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ექიმს თვალის შაკიკზე აქვს ეჭვი. თვალის ფსკერის გამოკვლევა საშუალებას იძლევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დადგინდეს.

შაკიკი დამეწყო. რა ვქნა?

შაკიკის მკურნალობა ორნაირად შეიძლება: უშუალოდ შეტევის დროს, ასევე შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებები თავის ტკივილის ინტენსივობისა და სიხშირის შესამცირებლად.

შაკიკის პირველივე სიმპტომის გამოვლენისას პაციენტი უნდა მოათავსოთ ჩაბნელებულ ოთახში, რომელსაც ღია ფანჯრები აქვს. ტკივლის გასაყუჩებლად რეკომენდებულია წერტილოვანი მასაჟი ან შუბლზე ცივი ტილოს დადება. ხანდახან ეფექტიანია ცივი ან ზოგჯერ პირიქით, თბილი შხაპის მიღება და თავის დაბანა.

შაკიკის საწინააღმდეგო აბების მიღება კი შეგიძლიათ აურის ან ტკვილის პირველივე ნიშანზე. მედიკამენტებს დაავადების ფორმის ან მისი მიმდინარეობის თავისებურებების გათვალისწინებით არჩევენ. ხანდახან ექიმი რეკომენდაციას უწევს სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატის მიღებას, რაც შეტევის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ეს სქემა გართულებების რისკს ამცირებს.

როგორ ვუმკურნალო შაკიკს სახლის პირობებში?

სახალხო მედიცინაში არსებობს არაერთი რეცეპტი, რომლებიც შაკიკთან ბრძოლის ეფექტიან მეთოდებად არის მიჩნეული. მათი ნაწილი ეფუძნება სხვადასხვა ნაყენის მიღებას, რაც ადამიანს ტკივილთან გამკლავებასა და სისხლძარღვების ტონუსის დარეგულირებაში ეხმარება. არსებობს საშუალებები, რომლებსაც ადგილობრივი ზემოქმედებისთვის იყენებენ.

შაკიკის შეტევის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ დალიოთ გვირილის ან ჟოლოს ფოთლების ნაყენი, ამ დროს შეგიძლიათ ლავანდის, პიტნისა და გვრილის ნაზავიც დალიოთ. შაკიკის პროფილაქტიკისთვის ასევე რეკომენდებულია თავშავას (ორეგანო) ნაყენი. როგორც სახალხო მედიცინის სპეციალისტები ამტკიცებენ, თუ მას დღეში სამჯერ მიიღებთ, შაკიკის შეტევის ინტენსივობა შემცირდება.

შაკიკის დროს რეკომენდებულია შუბლზე ცივი კომპრესები, რაც შეგიძლიათ კომბოსტოს ფოთლებითაც შეცვალოთ. ეს ყველაფერი ტკივილს აყუჩებს. შაკიკის შეტევის შემცირება შესაძლებელია, თუ  მტკივან ადგილზე ლიმონის ქერქს (ცედრის გარეშე) დაიდებთ. შაკიკის მსუბუქი შეტევის დროს ეფექტიანია ეთერ-ზეთების ადგილობრივი წესით მოხმარებაც.

რა არ უნდა ვჭამო შაკიკის დროს?

შაკიკის დროს არ უნდა მიიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც ამინებს (თირამინი, ჰისტამინი, სეროტონინი) შეიცავს. ისინი შეტევის განვითარებას უწყობენ ხელს. შაკიკის დროს მკაცრად არის შეზღუდული შემდეგი პროდუქტების მოხმარება:

– ცხიმიანი ხორცი (განსაკუთრებით ღორის);

– შებოლილი ძეხვი, ხორცი ან თევზი;

– გამოყვანილი ყველი;

– თხილეული;

– ციტრუსი;

– ხიზილალა.

სასურველია, შეზღუდოთ:

– ძეხვი, სოსისი და ლორი;

– ხორცის ბულიონი;

– ნაღები და არაჟანი;

– ეგზოტიკური ხილი;

– ხახვი, ნიორი, ბოლოკი.

შაკიკი არის ქრონიკული დაავადება, რომლის სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა თუ კონკრეტულ წესებსა და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს დაიცავთ, შეტევების ინტენსივობის შემცირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივითა და ორგანიზებით, მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიება, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) პროფესორი რომუალდას გინევიჩიუსი, ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) პროფესორი ილგარ მამადოვი, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის (ლიტვა) პროფესორი ვლადისლავას პეტრაშკევიჩიუსი, ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტის (ოლშტინში) პროფესორი სტანისლავ ბიელსკი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.„თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების საკითხები ვეღარ განიხილება მხოლოდ ტრადიციული ეკონომიკური თეორიებისა და მოდელების ფარგლებში. გლობალური გამოწვევები, ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაცია მოითხოვს არა მხოლოდ არსებული რეალობის გააზრებას, არამედ განვითარების ახალი პარადიგმების მეცნიერულ გააზრებასა და ფორმირებას. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პროცესებში საქართველო იყოს არა მხოლოდ გლობალური ცვლილებების მონაწილე, არამედ მეცნიერულ ცოდნაზე, ინოვაციებსა და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავების აქტიური მონაწილე. ამდენად, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.მოხარული ვართ, რომ კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის 160-ზე მეტი მეცნიერი, მკვლევარი და დოქტორანტი და წარმოადგინა 72 სამეცნიერო მოხსენება. ეს მასშტაბი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის ძიება მოითხოვს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას, საერთაშორისო აკადემიურ დიალოგსა და მეცნიერების უწყვეტ განვითარებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და კვლევაზე დაფუძნებული განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისეთი ინტელექტუალური გარემოს შექმნა, რომელშიც მეცნიერება მონაწილეობს მომავლის ფორმირებაში“, - განაცხადა პროფესორმა თამარ წერეთელმა.სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციაში უცხოელი სტუმრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მეცნიერებმა და მკვლევრებმა. კონფერენციაზე მუშაობდა სამი სექცია: ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემები და თანამედროვე გლობალური გამოწვევებით განპირობებული ტრანსფორმაციები; ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარების ძირითადი მიმართულებები და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ასპექტები. პლენარულ სესიებზე ისეთი აქტუალური თემები განიხილეს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ეკონომიკურ პროგნოზირებაში, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გავლენა საბანკო სისტემაზე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანური რესურსების მართვაში, მწვანე ენერგიის განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონის მდგრადი განვითარების სტრატეგიები და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოება, საჯარო სექტორის საწარმოების პრივატიზაციის შედეგები საქართველოში, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ტრანსფორმაცია გლობალური გამოწვევების პირობებში, ბუნების ეკონომიკური ღირებულება და ბუნებრივი სიკეთეების შეფასება მდგრადი განვითარებისათვის, შრომის ბაზრის ციფრული ტრანსფორმაცია: მსოფლიო გამოცდილება და ქართული რეალობა, თანამედროვე სოციალური სახელმწიფო და მისი ტრანსფორმაცია და სხვა.

მიხეილ სააკაშვილი – ჩემს ბავშვობაში კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ, თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა

საქართველოში რაც ხდება, მე ყველაფერი ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, მის ბავშვობაში ქუჩას კრიმინალები მართავდნენ.„მე ყველაფერი ვიცი, რაც ხდება საქართველოში. თქვენ წარმოიდგინეთ, საკნიდან დღეში 50 წერილს ვპასუხობ, რომლებსაც ვიღებ სოციალური ქსელებით, თვეში ხანდახან ვპასუხობ ათასობით წერილს. მინდა, ვუპასუხო საჯაროდ ლილოს დასახლებაში მცხოვრებ 15 წლის ბავშვს, რომელმაც „ინსტაგრამზე“ მომწერა. მწერს, რომ გადაეკიდნენ „ქუჩის კაი ბიჭები“. მინდა, ვუთხრა, რომ ჩემი ბავშვობაც ზუსტად ასეთი იყო, კრიმინალები მართავდნენ ქუჩას და ყველგან გვემუქრებოდნენ. მოდიოდნენ შავი ქუჩის ბიჭები და იწყებდნენ ლაპარაკს, რა უბნელი ხარო, მერე ცემა-ტყეპას და ა.შ.მე ვსწავლობდი 51-ე სკოლაში. პარალელურ კლასში სწავლობდა ქუჩის კრიმინალი დათო ასათიანი, რომელმაც მერე კალაძის ძმა გაიტაცა და მოკლა. გამოსასყიდი გამოართვა და მაინც მოკლა. შესვენებისას ეს დათო ასათიანი დამეკონტაქტა და კლასში გოგოსთან რომ ზიხარ, გადაჯექი, ეგ გოგო მე მომწონსო. მეც მომწონდა ის გოგო და არსად არ გადავჯექი. ამის შემდეგ დაიწყო გარჩევები, ქუჩაში და სახლთან დახვედრები. გიული პირველად გაიგებს ალბათ დღეს, რომ „სპიციც“ გამიყარა მუხლში. მაშინ ცეცხლსასროლი იარაღი იმდენად არ იყო. ვიდრე ბოლოს ხელი არ ჩაიქნია და თავი არ დამანება. მაშინ დავიწყე ორ სპორტსმენ კლასელთან ერთად სიარული. მე თვითონ კალათბურთზე დავდიოდი, წყალბურთზეც და შემეძლო რაღაც დონეზე ფიზიკურად დაცვა. თავი რომ დამეცვა, ბიძაჩემმა თემურმა ამერიკიდან აფრიკული ბებუთი ჩამომიტანა და ხანდახან ისიც დამქონდა ეზოში და სკოლაში. კიდევ კარგი, არასდროს გამომიყენებია. ასეთი სიტუაცია იყო. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა კანონიერი ქურდი გელა კენკიშვილი. მან დღისით, მზისით, როდესაც ყველა მეზობელი აივანზე იყო გამოფენილი, კარტის თამაშის დროს მეორე მეზობელი ძალიან მძიმედ დაჭრა, ძლივს გადაარჩინა სასწრაფომ. მეორე დღეს არცერთმა კაცმა არ უთხრა მილიციას, რომ ეს ასე მოხდა. ქურდები შეკრული იყვნენ მილიციასთან და თუ ეტყოდნენ, მერე იმათ დახოცავდა, იმათ ბინას გაქურდავდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა.„ოქროს ბურთი“ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა. ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა შორის მესამედ მოხვდა, ამჯერად კი კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.საქართველოს ნაკრების კაპიტანი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.სწორედ ამიტომ არსებობდა ვარაუდი, რომ კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსიც ჰქონდა. მის კანდიდატურას არაერთი ცნობილი ადამიანი უჭერდა მხარს, მათ შორის, უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი.ხვიჩა კვარაცხელია ლონდონში გამართულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. ტრავმირებულ ქართველ ფეხბურთელს კვირის დასაწყისში კატარის დედაქალაქ დოჰაში მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია ჩაუტარდება.„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად ჰარი კეინი დაასახელეს, ხოლო ქართველი ვარსკვლავის მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში:საუკეთესო თავდამსხმელი (კაცები)ჰარი კეინი (ინგლისი / „ბაიერნი“)საუკეთესო თავდამსხმელი (ქალები)შარლინ კორალი (მექსიკა / „პაჩუკა“)საუკეთესო კლუბი (კაცები)„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)საუკეთესო კლუბი (ქალები)„ბარსელონა“ (ესპანეთი)„სოკრატესის ჯილდო“ (ფეხბურთს მიღმა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის)ბუკაიო საკა (ინგლისი / „არსენალი“)საუკეთესო მეკარე (კაცები)უნაი სიმონი (ესპანეთი / „ბილბაო“)საუკეთესო მეკარე (ქალები)კატა კოლი (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო მწვრთნელი (კაცები)ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები)საუკეთესო მწვრთნელი (ქალები)პერე რომეუ (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (კაცები)ლამინ იამალი (ესპანეთი / „ბარსელონა“)საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ქალები)ვიკი ლოპესი (ესპანეთი / „ბარსელონა“)

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მემორანდუმის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობაა.შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით, ხელს შეუწყობენ სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებასა და სატრანსპორტო სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას.სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის თქმით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს აკადემიურ სფეროსა და სატრანსპორტო სექტორს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და გაეცნონ სატრანსპორტო კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, მათი კარიერული შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სპეციალისტების მომზადებას.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალისტების მომზადებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა „ტრანსპორტი“, რომელიც სტუდენტებს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს აძლევს. უნივერსიტეტში ასევე ვითარდება სატრანსპორტო პროცესების მომსახურებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მიმართულებები, რომელთა მიზანი დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმს ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოს დაუკავშირონ, გაეცნონ მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების სპეციფიკას და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ უშუალოდ დარგში მოქმედი კომპანიის საქმიანობის გაცნობით.თანამედროვე ურბანული ტრანსპორტის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს საინჟინრო ცოდნას, ტექნიკურ კომპეტენციებს, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციების გათვალისწინებას. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის, ისე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებისთვის.აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ასევე ხელს შეუწყობს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებასაც, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და მთიან რეგიონებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, პროფესიული ორიენტაციის გაუმჯობესებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთლმა.

პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას მიმართა.შეგახსნებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?”“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს”, - განაცხადეს უწყებაში.

ბოლო სიახლეები