ნათია თურნავა – 2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5 პროცენტით შემცირდა.

მინისტრის განმარტებით, მსგავსი სტატისტიკა მოსალოდნელი იყო პანდემიის პირობებში წინა თვეებში ბიზნეს აქტივობების შეჩერების გათვალისწინებით.

„გახსოვთ, აპრილის თვეში ეკონომიკური ზრდა შემცირდა 16,5%-ით, მაისში ნაკლები შემცირებაა – 13,5%. აქ მთავარი ფაქტორი არის, რომ მაისის ბოლო დეკადა უკვე აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობები იყო უკვე დაწყებული. ზოგადად, ეს სტატისტიკა იყო მოსალოდნელი. პირველ რიგში, კიდევ ვამბობ, რომ მთავარი არის, რომ აპრილი, მაისი ჩვენ მაინც რეჟიმში ვიმყოფებოდით და სრულიად შეგნებულად გვქონდა შეჩერებული ბიზნესაქტივობა, ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გადავრჩენილიყავით პრაქტიკულად და არ გაგვემეორებინა ის ნეგატიური ტენდენციები, რაც ბევრ სხვა სახელმწიფოში მოხდა სამწუხაროდ და შეგვენარჩუნებინა დადებითი, კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება.

უნდა დავაკვირდეთ შემდეგი თვეების სტატისტიკას, სადაც უკვე პრაქტიკულად, ბიზნესაქტივობა მეტ-ნაკლებად ამოქმედებული იქნება და ამას ასახავს უკვე შემდეგი თვეების – ივნისის, ივლისის სტატისტიკა. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ კვლავდაკვლავ იქნება ნეგატიური დინამიკა, ეს ყველამ კარგად ვიცით. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, წლის ბოლომდე მინუს ოთხი, მინუს ხუთი პროცენტია მოსალოდნელი, თუმცა 2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ. ხედავთ, რომ მაისში უკეთესი დინამიკა იყო, ვიდრე აპრილში, სწორედ იმის გამო, რომ ბოლო დეკადაში გახსნილი იყო ბიზნეს საქმიანობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments

კომენტარები