მიხეილ ჩხენკელი: სასწავლებელთა ქსელი გაძლიერდა, სასწავლო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ადამიანური კაპიტალის განვითარების, სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სისტემის შექმნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების ეროვნული კვირეულის გახსნისას განაცხადა.

მან იმ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც უწყებამ მიაღწია.

„შემუშავდა ახალი, თანამედროვე კვალიფიკაციების სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპული კვალიფიკაციების სისტემასთან, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, გაძლიერდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, მომდევნო წლიდან პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც საფუძვლად დაედება პროფესიული განათლების რეფორმის ახალი სტრატეგია, მთავარი პრიორიტეტი კი, ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაცია და კერძო სექტორთან პარტნიორობის მეტად გაძლიერება იქნება.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო დონორს საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირების საქმეში მრავალწლიანი, აქტიური თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისათვის.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დამსაქმებლებს პანდემიის პირობებში გაწეული საქმიანობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა არსებულ რეალობასთან ადაპტირება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის პროგრამის Skills4Jobs მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული (Skills Week Georgia) ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალიწინებით წელს დისტანციურ ფორმატში – ონლაინკონფერენციების სახით 7-10 დეკემბერს იმართება. იგი ევროკომისიის ევროპული პროფესიული განათლების კვირეულის (European Skills Week) ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია უერთდება.

Comments

კომენტარები