მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა — ქარდავას პასუხი ლავროვსა და ზახაროვას

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვისა და პრესსპიკერ მარია ზახაროვას შეურაცხმყოფელ განცხადებებს პასუხობს. შესაბამის პოსტს იგი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ოდესმე ყველას მოუწევს პასუხის გაცემა:

“მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც, 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2 232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი. მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე. კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან:

“წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი. უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”.

Comments

კომენტარები