განათლების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტებით წელსაც ისარგებლებენ.

სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – „მაგთიკომს“, „ვიონ საქართველოსა“ და „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ.

შეღავათიანი ინტერნეტპაკეტის შეძენა 15 სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი. 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტი 10 ლარად იქნება შეთავაზებული, რაც, სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით, 2,5-ჯერ ნაკლებია.

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

Comments

კომენტარები