კანადის ტყის ხანძრებმა აშშ-ში ჰაერის ძლიერი დაბინძურება გამოიწვია. „სიენენის” ინფორმაციით,შეერთებულ შტატებში ჰაერის დაბინძურების საფრთხის ქვეშ იმყოფება დაახლოებით 75 მილიონი ადამიანი.
ჰაერის დაბინძურება პირდაპირ კავშირშია ტყის ხანძრის კვამლთან, რომელიც კანადიდან აშშ-ში შედის. კვამლი ათზე მეტ შტატში გავრცელდა. ჰაერი ცუდი ხარიხსის მაღალი ინდექსები დაფიქსირდა დიდ ქალაქებში: ნიუ-იორკში, ბოსტონში, ვაშინგტონში, შარლოტაში, დეტროიტში და ინდიანაპოლისში.
ნიუ-იორკი შტატის გუბერნატორმა ქეით ჰოჩულმა აღნიშნა რომ მდგომარეობა ძალიან სერიოზული და საშიშია და გარეთ გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა ხალხს.
„უბრალოდ დარჩით სახლში. გარეთ გასეირნება სახიფათოა ჩვენი შტატის თითქმის ყველა ნაწილში“, – განაცხადა გუბერნატორმა ოთხშაბათს საღამოს გამართულ ბრიფინგზე.
დაახლოებით 400 000 N95 ნიღაბი დარიგდება ნიუ-იორკის შტატის პარკებში, მეტროს სადგურებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, 600,000 ნიღაბი კი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საწყობებიდან.
ჰაერის ცუდი ხარისხის გამო ნიუ-იორკის შტატის ოლქის ყველა პარკი, ზოოპარკი და გოლფის სათამაშო მოედნები დაიკეტა. გადაიდო ან გაუქმდა შენობების გარეთ დაგეგმილი სპორტული და სხვა სახის ღონისძიებები.