საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მოქცევა, რაღაც ტერიტორიის რუსეთს აწყობს? – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ შედის დავით-გარეჯის თემის გააქტიურება რუსეთი ინტერესებში იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტური ურთიერთობა აქვს.
მდინარაძის განცხადებით, თუ რუსეთზე საუბარი გვსურს, მაშინ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ როგორ გააკეთა რუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„ისმის რიტორიკული შეკითხვა, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მიდის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თავდაცვის სამინისტრომ როგორ უნდა იმოქმედოს? უნდა გადასცეს თუ არა ეს ინფორმაცია პროკურატურას? როდესაც პროკურატურაში შედის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება თუ უნდა დაელოდოს არჩევნებს? თქვენი კითხვა შეიცავს რისკის გაღრმავების ელემენტებს, ჩვენ არ უნდა დავძაბოთ ვითარება ძალით. საუბარი ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მასთან საზღვრების დადგენას, კონკრეტული ადამიანების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას, რომელშიც იკვეთება საქართველოსთვის უარესი გადაწყვეტილების მიღების მცდელობის ნიშნები და ამ დროს, ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთზე. რუსეთზე საუბარი თუ გნებავთ, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ გააკეთა რუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.