პარასკევი, მაისი 15, 2026

ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს გრანდ-სლემზე ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი მაშუ ბეიკერი დაამარცხა.

ტოკიოში ძიუდოს გრანდ სლემზე 5 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, თუმცა, ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლაშა ბექაური გამოვიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი არმიაა ევროპაში, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო,...

უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა ევროპაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„ეჭვგარეშეა, რომ ამ ომის აუცილებლობამ უკრაინელებს ახალი ტაქტიკის, ახალი მეთოდების, ახალი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შემუშავებისკენ უბიძგა, რაც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდულ, ასიმეტრიულ ომს. ეს შთამბეჭდავია. ეს ეჭვგარეშეა. ვგულისხმობ, თუ შევხედავთ, რუსები თვეში ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები. უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა და უფრო მცირე არმია ჰყავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ევროპაში ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა. ცხადია, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს”,- განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს და აშშ მზადაა, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს.„პრეზიდენტს უბრალოდ სურს, რომ ომი დასრულდეს. მისი აზრით, ეს გიჟური ომია. და მართალია. ორივე მხარეს ადამიანები მასობრივად იღუპებიან. უკრაინას ორი ათწლეული დასჭირდება აღსადგენად. რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი უზარმაზარია. რუსები თვეში 15-20 ათას ჯარისკაცს კარგავენ. ეს დაღუპულების რაოდენობაა და არა დაჭრილების. ეს ცუდი ომია. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტიც მზადაა, მისი გუნდიც მზადაა,რომ ხელი შევუწყოთ ომის დიპლომატიურ დასრულებას.სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვეში გარკვეული მიზეზების გამო იმპულსი დავკარგეთ: უკრაინელები სულ უფრო მეტად დარწმუნებულები არიან თავიანთ პოზიციაში ბრძოლის ველზე, მათ ზამთარი გადაიტანეს, რუსებიც ცოტა ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან ნავთობის ფასი გაიზარდა. თუმცა იმედი გვაქვს, იქნება ეს ვლადერ პუტინის განცხადება თუ სხვა რამ, მალე მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც ორივე მხარე კვლავ ჩაერთვება პროცესში. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ შუამავლის როლი და ეს კონფლიქტი დავასრულოთ. ვფიქრობ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. თუ ვინმე სხვას სურს, სცადოს. სცადოს, მაგრამ ორივე მხარე გვეუბნება, რომ ერთადერთი ჩვენ ვართ, ვისაც ეს შეუძლია. საბოლოოდ, პრეზიდენტს სურს, რომ ომი დასრულდეს. და თუ არის რამე, რისი გაკეთებაც მას და ჩვენ შეგვიძლია ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებლად გავაკეთებთ“,- განაცხადა რუბიომ.

ალეკო ელისაშვილი – რატომ არ მალაპარაკებთ? – პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არაა დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? – ბარემ დამხვრიტე პირდაპირ, მაინც...

რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არ არის დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? - ბარემ დამხვრიტე პირდაპირ, მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან, - ასე მიმართა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს.ელისაშვილს სურდა, რომ სხდომის დასასრულს განცხადება გაეკეთებინა და პროკურორისთვის კითხვა დაესვა, თუმცა მოსამართლემ სხდომა გადადო.მანამდე კი, პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი ილონ კორძაია, რომელიც აღნიშნული საქმის მთავარი გამომძიებელი იყო.„2025 წლის 29 ნოემბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ დაკავებული იყო ალეკო ელისაშვილი, რომელიც სასამართლოს შენობის გადაწვას ცდილობდა. როდესაც ადგილზე მივედი, ალეკო ელისაშვილი დაკავებული დამხვდა.მანდატურის სამსახურის უფროსისა და ექსპერტ-კრიმინალისტების თანხლებით დავათვალიერე შემთხვევის ადგილი.როდესაც მივედი, იატაკზე იდო იარაღი და ხელთათმანები. მაგიდებზე და იატაკზე დასხმული იყო სავარაუდოდ, ბენზინი. ასევე, იქვე იყო დიდი ჩანთა, საიდანაც ბევრი ნივთი იქნა ამოღებული: რევოლვერი, მჭიდი, ხელთათმანები, სანთებელა, მცირე ჩანთა, სადაც შეშის ფრაგმენტები იყო ჩალაგებული. იქვე იდო ბენზინით სავსე და ცარიელი ბოთლები. მტკიცებულებები ლოგიკურად იყო ჩალაგებული ჩანთაში. იარაღი კი მთავარ ოთახში იყო იატაკზე მოთავსებული, რომელშიც იდო მჭიდი, მასში კი ტყვიები იყო მოთავსებული“, - განაცხადა ილონ კორძაიამ.ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ბექა ნაცვლიშვილი – ჩინეთი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი ხდება, ყველა ფიქრობს, რომ თამაშის წესები მასთან დღესვე უნდა შეთანხმდეს – ჩვენ უნდა დავინახოთ მისი მზარდი ძალა...

ჩვენ უნდა დავინახოთ ჩინეთის მზარდი ძალა და აქედან უნდა მოვიგოთ, სწრაფად უნდა გადავდგათ რაღაც ნაბიჯები, იქნება ანაკლიის პორტი, თუ ჩინური ინვესტიციების შემოსვლა ურთიერთმომგებიან საფუძველზე, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ბექა ნაცვლიშვილმა ტრამპის ჩინეთში ვიზიტის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის როლი დღეს მსოფლიოში, რომ ვერც აშშ აუვლიდა ამას გვერდს.„შევხედოთ ორ ზესახელმწიფოს, ერთი არის აშშ, ხოლო მეორე ჩინეთი. ვხედავთ, რომ ჩინეთს ბევრად უფრო წარმატებული ეკონომიკური პერიოდი აქვს, ვიდრე აშშ-ს. ტრამპის ჩინეთში ვიზიტის გაცხადებული მიზანი არის სწორედ ის, რომ ამ ორმა ზესახელმწიფომ, რომელზეც დგას მსოფლიო ეკონომიკა დღესდღეობით, აშშ-ს თვალსაზრისით ფინანსების მხრივ, წარმოების თვალსაზრისით ჩინეთის მხრივ, ერთმანეთთან ითანამშრომლონ, მაგრამ ორივე ერთმანეთს განიხილავს როგორც სისტემურ მოწინააღმდეგეს. ჩვენ თუ გადავხედავთ ტრამპის ახლანდელი ადმინისტრაციის სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტებს, იქ ჩინეთი არის პირველ მოწინააღმდეგედ აღქმული. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რაღა პირველ მოწინააღმდეგესთან და ეწვევა პირდაპირ სასახლეში, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის როლი დღეს მსოფლიოში, რომ ვერც აშშ აუვლიდა ამას გვერდს.ჩვენ ვნახეთ, რომ მანამდე, სანამ ტრამპი ჩავიდოდა ჩინეთში, იქ ჩავიდა კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელიც განაწყენებულია ამერიკაზე, ჩავიდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი, აბსოლუტურად ყველა დიდი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა, რადგან აბსოლუტურად ყველა აცნობიერებს ჩინეთის მნიშვნელობას მომავალი მსოფლიოსთვის. მე მჯერა, რომ ჩინეთი გახდება მომავალი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი, რაც დღეს ჩამოყალიბების პროცესშია. აშშ-ს ერთპიროვნული მმართველობა რომ დამთავრდა, ეს ცხადია და რაც არ უნდა პროამერიკული და ამერიკაზე გაგიჟებული იყოს ადამიანი, ისიც აცნობიერებს ამას, რადგან ჩინეთი ხდება მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელი, ყველა ფიქრობს, რომ თამაშის წესები მასთან დღესვე უნდა შეთანხმდეს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

სკოტ ბესენტი – ჰორმუზის სრუტის გახსნა ჩინეთის ინტერესებში შედის, ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს

ჩინეთი შესაძლოა, კულისებს მიღმა აქტიურად ჩაერთოს ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.მისი თქმით, ჩინეთი ირანზე თავის გავლენას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მცდელობისთვის გამოიყენებს.„ჩინეთის ინტერესებში შედის სრუტის გახსნა. ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს“, – განაცხადა ბესენტმა.აშშ-ის სახაზინო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია და ირანული ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის, რის გამოც პეკინს სრუტის გახსნის უფრო დიდი ინტერესი აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს.„ჩინეთს სრუტის ხელახლა გახსნის გაცილებით დიდი ინტერესი აქვს, ვიდრე აშშ-ს“, – აღნიშნა ბესენტმა.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.„წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები