საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის “ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ გამარჯვებული 12 სტუდენტი გამოავლინა.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტრო ახალგაზრდებს უტოვებს თავისუფლებას, თავად გაამჟღავნონ ან არ გაამჟღავნონ თავიანთი პირადი მონაცემები, რომლებიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებზე გაიცემა კანონით დადგენილი წესით.

დღეს გამოცხადებული შედეგების მიხედვით, დაფინანსებულია შემდეგი პროექტები:

1. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის ხელშეწყობა;
2. ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში (აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე) საგუნდო-საორკესტრო დირიჟორობის სწავლის ხელშეწყობა;
3. ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში (აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე) საგუნდო-საორკესტრო დირიჟორობის სწავლის ხელშეწყობა;
4. მიუნსტერის WWU უნივესტიტეტში (კონსერვატორიაში) საფორტეპიანო სპეციალობაზე სწავლის ხელშეწყობა;
5. მონსერატ კაბალიეს სახელობის XVI საერთაშორისო სიმღერის (ვოკალისტთა) კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობა;
6. მილანის დიზაინის პოლიტექნიკურ სკოლაში საავტომობილო დიზაინის მიმართულებით სწავლის ხელშეწყობა;
7. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის IV კურსზე სწავლის ხელშეწყობა;
8. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე საფორტეპიანო სპეციალობით სწავლის ხელშეწყობა;
9. „ხმოვანი ხელოვნების ინტერდისციპლინარული სამაგისტრო კურსის“ დამამთავრებელ კურსზე სწავლის ხელშეწყობა;
10. მიუნხენის მუსიკისა და დრამის უმაღლეს სკოლაში სადირიჟორო ოსტატობის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის ხელშეწყობა;
11. მანჩესტერის სამუსიკო სკოლაში სწავლის ხელშეწყობა;
12. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლის ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბების შემდეგ, მოცემული კონკურსი უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველად „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის“ კონკურსი მიმდინარე წლის 14 ივლისს გამოცხადდა და მის ფარგლებში 10 ახალგაზრდის სწავლა დაფინანსდა (5 – საქართველოში, ხოლო 5 – უცხოეთში) 100 000 ლარით. თუმცა ვინაიდან, ახალგაზრდებისთვის სახელოვნებო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა არის კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ხოლო 14 ივლისს გამოცხადებულ კონკურსზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო (შემოვიდა 42 განაცხადი), სამინისტრომ მიიღო კონკურსის მეორედ გამოცხადების გადაწყვეტილება.

ამჯერად კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 85 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს სულ 39-მა განმცხადებელმა მომართა.

Comments

კომენტარები