ვაკის რაიონში მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.
კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა პარკს მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და დაიცვან ის ვანდალიზმისგან.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის პროექტი დავასრულეთ. ეს სივრცე მთლიანად მოუწესრიგებელი იყო, პროექტის ფარგლებში კი სრულად განახლდა, მოწესრიგდა და გამწვანდა მოეწყო ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცე, ატრაქციონები, განახლდა შადრევანი, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურებული იყო, ახლა კი ხედავთ, როგორი ლამაზია, განსაკუთრებით, როდესაც ბინდდება და მხატვრული მინათებები ფერს იცვლის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ახლა მას სჭირდება გაფრთხილება. მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე ვიღებთ. ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ვანდალიზმის ფაქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 000 კვ. მ ფართობზე ჩატარდა. პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზარდა.
მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.