ირაკლი სესიაშვილი – ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს

ბაქიბუქობენ რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ მე მგონი ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, არანაირი სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა

რაც შეეხება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ პროცესებს, სესიაშვილმაგანაცხადა, რომ პოლიციას ვალდებულება აქვს დაიცვას წესრიგი და რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.

„ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და აბსოლუტურად ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებს. ეს მათი უფლებაც არის და მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, ასე ჩანს. ასევე ვალდებულება აქვს პოლიციას დაიცვას წესრიგი. ამიტომ აქ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მესმის, რომ ჩვენი ოპონენტები არიან პოლიტიკურად გაკოტრებულები. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, ამიტომ მიდიან რადიკალიზაციაზე. ქმნიან ისეთ სურათს და ეს ყველაფერი, ალბათ, უფრო გათვლილია ტელესურათზე, რომ თითქოს მათ პროტესტს აქვს ფართო ხასიათი. რა თქმა უნდა, ასე არ არის. მესმის მათი პოლიტიკური პროტესტის საფუძველი და ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ თავისი პოზიცია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირა. რაც შეეხება მათ პროტესტს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ. არანაირი პრობლემა არ ექნებათ მათ გამოხატვის თავისუფლების უფლების უზრუნველყოფის პროცესში. მეორე მხრივ, კი ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ მგონი, ნახეთ, რომ პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, არანაირი სესია არ ჩაშლილა, მთავრობა თავისი დღის წესრიგით მოქმედებს, ატარებს ღონისძიებებს. ეს არის ნორმალური, დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე ხდება. ვიღაცას სურს პროტესტი გამოხატოს და ამის უფლება აქვს. ვინც არღვევს მართლწესრიგს, ამაზე პასუხს აგებს. პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

Comments

კომენტარები