სერგი კაპანაძემ უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში, ეს განცხადება იყო მორიგი რუსული საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს განცხადება იყო ძალიან მძიმე, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე იყო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, თითქოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომი და შემდეგ ამას უპასუხა რუსულმა მხარემ. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს თავის დროზე სერგი კაპანაძემ და მისმა თანაპარტიელმა „ნაციონალებმა“. ზოგადად, ეს არის ისეთი დანაშაული, რომელსაც პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა პატიობდნენ, როდესაც შენ რუსეთის ფედერაციას აბარებ ტერიტორიის ოც პროცენტს და მერე ამ ოკუპაციას უფორმებ შენ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ეს არის, ალბათ მეთანხმებით, უპატიებელი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ამ პოლიტიკურმა პარტიამ.

სერგი კაპანაძე ყველაფერს კადრულობს, მათ შორის, ყველანაირ უკადრებელს. უკადრებელი იკადრა მან, როდესაც თავის დროზე დაეთანხმა ევროსაბჭოს შესაბამის რეზოლუციას და დღესაც უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში და ა.შ.

ეს ყველაფერი მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი რუსეთის ფედერაციას, შემდეგ ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას და დღემდე არ ეშვება რუსული საქმის კეთებას. სერგი კაპანაძის ეს განცხადებაც იყო მორიგი რუსული საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments

კომენტარები