პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026

ირაკლი კობახიძე: გამოსაძიებელია, რატომ ამბობდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე არ ექცეოდა

ნათელი უნდა მოეფინოს იმას, რატომ კეთდებოდა ძალიან საეჭვო განცხადებები მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე არ ექცეოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ნათელი უნდა მოეფინოს დავით გარეჯის საქმის ყველა გარემოებას, მათ შორის იმასაც, რატომ კეთდებოდა, მაგალითად, ძალიან საეჭვო განცხადებები მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე არ ექცეოდა. რატომ კეთდებოდა ეს განცხადებები იმ ფონზე, როდესაც საეჭვო ქმედებები ხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს არის გამოძიების საქმე, ისევე, როგორც ის, თუ ვინ უნდა დაიკითხოს. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია მიმდინარეობს 1990-იანი წლებიდან და ამ პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს უამრავი ადამიანი იკავებდა, ხოლო რაც შეეხება ამ ფაქტთან ​სალომე ზურაბიშვილის კავშირს, ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. ლუსტრაცია უკვე სახეზეა – რატომ უნდა აინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ასეთი ორკესტრირებული შტურმი, რომელიც განხორციელდა გუშინ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ რამე არ აქვს დასამალი. თუ მათი მხრიდან ეს ლუსტრაცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება გამოძიებას“, – განაცხადა კობახიძემ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება – „ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი არასდროს იარსებებს“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს.„ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი არასდროს იარსებებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას.მანამდე, დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ შეერთებული შტატები 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე ირანზე დარტყმას არ განახორციელებს.

ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დიპლომატს წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მან გერმანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების პროცესში.თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან ჰოფმაისტერი დაესწრნენ“, — ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის ფუნქციონირების შესახებ ოქმი გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.აღნიშნული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა ხელი მოაწერეს ოქმს ,,საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა -  „იფექ იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ“.დოკუმენტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობა და შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარება.დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი გამტარი პუნქტის მეშვეობით გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებას, ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას.ოქმი ეფუძნება 2021 წლის 29 სექტემბერს, ქალაქ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ახალი ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის შექმნასა და მისი ფუნქციონირების პრინციპების განსაზღვრას.

ირაკლი კობახიძე – ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური, მოშლილია დემოკრატიული სისტემები, ამას განაპირობებს პროცესები, რაც ვითარდება კონკრეტული ძალებისგან ევროპის დასასუსტებლად

მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე.„ეს არ არის სინამდვილეში ევროკავშირის საკითხი, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში. იცით, რომ ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. მას შემდეგ, რაც დაეკარგა წვდომა ევროპას, მაგალითად, იაფ რუსულ ენერგორესურსებზე, შეიქმნა სერიოზული გამოწვევები ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის სფეროში. ბევრი მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და, ასევე, თქვენ ხედავთ, რომ მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით. ლიდერების რეიტინგები არის ხშირ შემთხვევაში 20%-ზე ქვემოთ ჩამოსული. ამ ყველაფერს განაპირობებს ის პროცესები, რომლებიც კომპლექსურად ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო პროცესი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა საკუთარ თავში იპოვის იმის ძალას, რომ შემოატრიალოს ეს პროცესი უკეთესობისკენ“, — აღნიშნა პრემიერმა.ცნობისთვის, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.

მსოფლიო კინოს ლეგენდა, პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა

მსოფლიო კინო კიდევ ერთ ლეგენდას ემშვიდობება — 86 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი მსახიობი სერ პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა. მსახიობმა, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებით „ვარსკვლავური გზისა“ და „იქს-ადამიანების“ ფილმებიდან იცნობს, სიცოცხლის ბოლო დღეები ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გაატარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.ოჯახის განცხადებით, სტიუარტი მეუღლის, სანის გვერდით, ალცჰაიმერის დაავადებასთან და ლევის სხეულაკების დემენციასთან ხანმოკლე, თუმცა მძიმე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, საყვარელი მეუღლის მზრუნველ გარემოცვაში, გარდაიცვალა სერ პატრიკ სტიუარტი“, — ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.მსახიობობა პატრიკ სტიუარტმა 18 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად მან აღიარება თეატრალურ სცენაზე მოიპოვა. 1960-იანი წლებიდან სამეფო შექსპირის თეატრალური დასის წევრი იყო და არაერთ მნიშვნელოვან სპექტაკლში მონაწილეობდა.მსოფლიო პოპულარობა მას საკულტო სერიალმა „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ მოუტანა, სადაც კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარის როლი შეასრულა. მილიონობით მაყურებლისთვის ასევე დაუვიწყარია მისი პროფესორ ჩარლზ ქსავიეს, იგივე პროფესორ X-ის, სახე „იქს-ადამიანების“ კინოფრენჩაიზიდან.2010 წელს, დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ პატრიკ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭა. ამის შემდეგ მას ოფიციალურად სერ პატრიკ სტიუარტად მოიხსენიებდნენ.

ბოლო სიახლეები