შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი აუცილებლად იქნება იქ, სადაც იყო. ეს იქნება ყველაზე კარგი, ყველაზე თანამედროვე და ყველაზე მდიდარი მუზეუმი საქართველოში, ვინაიდან ის თავისი კოლექციებითა და ექსპონატებით ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი მუზეუმია, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მე შევეცადე, თავიდან ამეცილებინა ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზება, მაგრამ ვერ ავიცილე, იმიტომ რომ ვერ გავაკონტროლებ იმას, თუ როგორ მოიქცევა პოლიტიკურ ფრონტზე მეორე მხარე, და ეს არაა ჩემი საქმე. ერთადერთი, რაც შემიძლია ვუთხრა ოპოზიციას, დესტრუქციულ ძალებს და მათ მოკავშირეებს მუზეუმის შიგნით – ჩვენი აღმშენებლობითი, სარესტავრაციო საქმიანობა გაგრძელდება. შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი აუცილებლად იქნება იქ, სადაც იყო. ეს იქნება ყველაზე კარგი, ყველაზე თანამედროვე და ყველაზე მდიდარი მუზეუმი საქართველოში, ვინაიდან ის თავისი კოლექციებითა და ექსპონატებით ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი მუზეუმია. ეს არის ყველაზე მასშტაბური ფონდები, რაც კი ერთ ერს შეიძლება ჰქონდეს. იქ მსოფლიო მემკვიდრეობისა და მნიშვნელობის ძალიან ბევრი ნიმუში ინახება, სავალალო მდგომარეობაში. როდესაც მე დღეს ვცდილობ, ამ საკითხის პოლიტიზების ხარისხი დაბლა დავწიო, თავს ვიკავებ ძალიან ბევრი ლეგიტიმური კითხვის დასმისგან, მაგრამ ამ კითხვების დასმის დრო აუცილებლად მოვა. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ ბოლო 15 წელია, ეს მუზეუმი ასეთ მდგომარეობაშია, შესაბამისმა სამუზეუმო საქმის ხელმძღვანელებმა კი არაფერი გააკეთეს? იმედი მაქვს, რომ ასეთ კითხვებზე პასუხს მომავალში მოვისმენ. ვაგრძელებთ მუშაობას ინვენტარიზაციის დასასრულებლად სექტემბრის ბოლოს. ამის შემდეგ მოვამზადებთ დროებით სივრცეებს, ნოემბერ-დეკემბრამდე ექსპონატების გადაადგილების პროცესი დაიწყება. როდესაც ექსპონატები დაბინავებული იქნება, ჩვენ უკვე მზად უნდა გვქონდეს მუზეუმის შენობის აღდგენის კონსტრუქციული პროექტი“, – განაცხადა წულუკიანმა.

Comments

კომენტარები