თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები განისაზღვრა

თბილისის ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებენ მუშაობას.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიყვანისა და დაწესებულებიდან გაყვანის წესი.

ამასთან, ახალი წესის მიხედვით, ბაღებში აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება.

„ამ ეტაპზე, ეპიდზედამხედველობის მიერ გვაქვს თანხმობა, რომ ბაღები გავხსნათ. არდადეგების პერიოდში, კერძოდ, სექტემბერის შუა რიცხვებში რვა ბაღში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამავე თვეში ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიღებულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რეგულაციები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ბაღებში.

ჩვენ დავიწყეთ მყისიერად აღსრულება და მომზადება ამ რეგულაციების. შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ რეგულაციებიდან გამომდინარე. როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მეთოდოლოგიური მიმართულებით.

უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რაც ყველაზე აქტუალურია ამ ეტაპზე. ეს გახლავთ ბავშვების მიღებისა და გაყვანის წესი. მშობლებს, როდესაც მოჰყავთ ბავშვები ბაღში, ეზოში ხვდებათ მარკირებები, სტიკერები, სადაც განსაზღვრული არის, სად უნდა დადგეს მშობელი ბავშვთან ერთად. დახატული არის ამ სტიკერზე ან მონიშვნაზე ჯგუფი. ანუ ასაკობრივი ჯგუფი მინიშნებულია ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ წლამდე, ხუთიდან ექვს წლამდე. სწორედ იმ ადგილზე უნდა განთავსდეს მშობელი, სადაც თავისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვული. ამის შემდეგ გამოდის აღმზრდელი შენობიდან ეკიპირებული ხალათით, ხელთათმანით, პირბადით და ბავშვს გამოართმევს მშობელს. შემდეგ უტარდება თერმოსკრინინგი ბავშვს და შეჰყავს შენობაში. საბავშვო ოთახში მას დახვდება აღმზრდელის თანაშემწე, ანუ მეორე თანამშრომელი და იტოვებს ბავშვს. ეს არის მიღების წესი.

არსებობს უკვე ე.წ. ჩეკლისტები, სია, განრიგი, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბავშვი ბაღში. ანალოგიური არის გაყვანის წესი, წინასწარ განსაზღვრული არის დრო, ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი.

რაც შეეხება საკითხს, როდესაც მშობელს სურს, ადრე გაიყვანოს ბავშვი. ვიმედოვნებ, ასეთი შემთხვევები იქნება ერთეული და მინდა, ვთხოვო მშობლებს, სწორედ ამ კუთხით იზრუნონ, რათა ასეთი შემთხვევები იყოს ერთეული, რადგან ეს თუ მასობრივი იქნება, ძალიან დაარღვევს ყველანაირ წესსა და რეგულაციას. თუმცა განსაკუთრებული შემთხვევის დროს, ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს და შესაძლებელი იქნება ბავშვის გაყვანა.

თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა ბაღში მიყვანის დროს, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. ხოლო, თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, უკვე აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების ანუ საიზოლაციო ოთახში ბავშვის ექთანთან, რომელიც ეკიპირებულია. მივმართავთ მშობელს, გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ძალიან დაიგვიანებს, მივმართავთ 112- ს და ინდვიდუალური შემთხვევები ცალ-ცალკე განიხილება. ყოველ ორ საათში განიავდება ოთახები, შეიცვალა სათამაშოების გამოყენების წესი. პრაქტიკულად, ამოღებული იქნა სათამაშოები, რომლებიც რთულად ექვემდებარება გარეცხვას ან დეზინფექციას. სადეზინფექციო ხსნარები დაყენდა ყველა ოთახთან. შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის, თეთრეულის გარეცხვის, დისტრიბუციის წესი. სააღმზრდელო პროცესის დროს პირბადეებით იქნებიან თანამშრომლები“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება.

Comments

კომენტარები